რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი (ნაწილი 5)

5. ესეი – ამბავი ფრანგული, ქართულად ნათარგმანები

რომ არა ადამ სმითის „ერთა დოვლათი“, კანტილიონის ესეი ნამდვილად ობოლი მარგალიტიც[1] იქნებოდა მეთვრამეტე საუკუნის ეკონომიკურ ნაშრომებში. მართლაც, ეკონომიკის ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ესეი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ წიგნით უნდა იწყებოდეს ეკონომიკის, როგორც ცალკე დისციპლინის ისტორია. ცნობილია, რომ ეს არაა ერთადერთი ნაშრომი, რომელიც მან დაწერა – მის კორესპონდენციაში არის მინიშნებები სხვა ტექსტებზეც – თუმცა, ეს ერთადერთია, რომელიც დღემდე შემოგვრჩა. ესეი დაიწერა, სავარაუდოდ, 1730 წელს, როდესაც კანტილიონი აქტიურად იცავდა თავს წინა პოსტებში ნახსენები ბრალდებებისგან და, როგორც ანტუან მერფი ვარაუდობს, ესეი ავტორის ადვოკატისთვის დამატებითი არგუმენტაციის წყაროც[2] უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მთლიანობაში, კანტილიონს სურდა ჩამოეყალიბებინა ეკონომიკაზე[3] მისეული წარმოდგენები ერთ მწყობრ სისტემად და, ბოლოს განეხილა, თუ რამდენად ჯდებოდა ამ სისტემაში ლოს მიდგომა[4].

უცნობია, თუ რა ენაზე დაიწერა ესეი თავდაპირველად – მისი პირველი გამოცემა ფრანგულია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რაკი ის წარდგენილია, როგორც ინგლისურიდან თარგმანი. თავის მხრივ, არც ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან, ფრანგული ცენზურისგან თავის არიდების გამო, ბევრი წიგნი იმ პერიოდში სხვა ენიდან ნათარგმნად საღდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ვინმე მალაქი პოსტლსუეითი[5], თავის, 1751 წელს გამოცემულ ნაშრომში „ვაჭრობისა და კომერციის უნივერსალური ლექსიკონი“ ფართოდ ციტირებს (თუმცა, ავტორის მითითების გარეშე), კანტილიონის ესეის. თავად ესეის პირველი გამოცემა კი 1755 წლით თარიღდება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოსტლსუეითს კანტილიონის ორიგინალზე შეიძლება ჰქონოდა წვდომა.

როგორც უნდა იყოს, ესეი უნიკალურია. იმითაც, რომ ეს პირველი ნაშრომია, სადაც ავტორი მარტივ, აბსტრაქტულ დაშვებებზე აგებს მოდელს და ამ მოდელის ტესტირებას ემპირიულ მონაცემებზე ახდენს[6]. იმითაც, რომ მისი სტრუქტურა ეკონომიკის ნებისმიერ თანამედროვე სახელმძღვანელოს წააგავს – მარტივიდან რთულისკენ, რესურსების განაწილების ზოგადი პრინციპებიდან, ფულის და მონეტარული ინსტრუმენტების მნიშვნელობამდე. იმითაც, რომ ის იყენებს აბსტრაქტულ და გამარტივებულ მოდელებს ეკონომიკური რეალობის რაიმე კონკრეტული ასპექტის ასახსნელად. ის თავადაც წერს[7] „მე ყოველთვის შემოვიფარგლები ვაჭრობის [ეკონომიკის] შესახებ მარტივი შეხედულებით, რათა არ გავართულო საკითხი, რომელიც ისედაც მეტად დატვირთულია, მასთან დაკავშირებული ფაქტების სიმრავლით“.

ესეი სამი ნაწილისგან შედგება: პირველში კანტილიონი მოდელს საფუძველს უყრის, განიხილავს რა, მაკროეკონომიკის მომავალი სახელმძღვანელოების საუკეთესო ტრადიციებში, დახურულ და არამონეტარულ ეკონომიკას; მეორე ნაწილში ის „საზღვრებს ხსნის“ და ფასების დონისა და კონკურენტუნარიანობის საფუძვლებს შეისწავლის; მესამეში კი მონეტარული პოლიტიკის, გაცვლითი კურსებისა და მონეტარული პოლიტიკის შედარებით რთულ და ტექნიკურ ასპექტებს განიხილავს[8]. სამწუხაროდ, ორემის ტრაქტატისგან განსხვავებით, ესეი ზედმეტად ვრცელია იმისთვის, რომ მისი დეტალური განხილვა ერთ ან, თუნდაც, ორ პოსტში შევძლო და მესამე პოსტს ვინღა წაიკითხავს? ამიტომ, ვეცდები, მხოლოდ მის ძირითად და მნიშვნელოვან ასპექტებზე გავამახვილო ყურადღება და ვაჩვენო, თუ რატომ არის კანტილიონის ესეი ესოდენ მნიშვნელოვანი ეკონომიკის ისტორიისთვის.

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ეკონომისტები (რა ტერმინითაც არ იყვნენ ცნობილი), ეცადნენ შეემუშავებინათ შინაგანი, „თანდაყოლილი“[9] ღირებულების თეორია. პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის შედარებით ცნობილია მარქსის ვერსია, რომლის მიხედვითაც ღირებულების საფუძველში დევს შრომა – ნებისმიერი საქონლის შინაგანი ღირებულება არის ის შრომა, რომელიც ჩაიდო მის, მისი შემადგენელი ნაწილების ან მისი წარმოებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნაში. მარქსი არ იყო პირველი ამ თვალსაზრისით, ის, უმეტესწილად, დევიდ რიკარდოს იდეებს ეყრდნობოდა. მსგავსი მოსაზრებები ეკუთვნოდა ადამ სმითსაც. მათგან განსხვავებით, კანტილიონისთვის ძირითადი შეზღუდული რესურსი – და, ამდენად, ღირებულების საზომი – იყო მიწა[10]. სამუშაო ძალაც და კაპიტალიც შეუზღუდავად შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, თუკი საკმარისი მიწა დაეთმობა საკვების წარმოებას და იქნება მოთხოვნა საქონელზე, რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს[11]. მიწა ქმნის დოვლათს, რომელიც, მერკანტილისტებისგან განსხვავებით, არის არა ფული/ოქრო, არამედ „საკვები და ის, რაც ცხოვრების კომფორტს და სიამოვნებას გვიქმნის“[12]. მნიშვნელოვანია, რომ მისთვის, მიწა წარმოუდგენელია მფლობელის გარეშე – მიწაზე კერძო, გადაცემადი[13] საკუთრება საზოგადოების ქვაკუთხედია და მიწის მფლობელს შეუძლია მისი ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენება.

მისი მოდელი, მსგავსად დღევანდელებისა, იწყება დაშვებით – ის განიხილავს დიდ კარ-მიდამოს[14] “რომელიც ერთადერთია მსოფლიოში“[15]. კარ-მიდამოს ჰყავს მფლობელი, რომელსაც შეუძლია თავად მოუაროს მას და დაანაწილოს სხვადასხვა გამოყენებისთვის, ან დაიქირავოს მშრომელთა ზედამხედველები, დაურიგოს მათ ფერმები[16] და ანდოს მშრომელების სრული კონტროლი. ამდენად ეს ზედამხედველები გახდებიან მეწარმეები[17]. თავდაპირველად, მფლობელი თავად წყვეტს, რისთვის გამოიყენოს მიწა, რა გამოუშვას და როგორ გაანაწილოს შემოსავალი – ერთგვარი დაგეგმარების ეკონომიკა; თუმცა მეწარმეების შემოყვანასთან ერთად მოდელი საბაზრო ეკონომიკად იქცევა, სადაც მყიდველები და გამყიდველები საქონელს და მომსახურებას ცვლიან, ხოლო მიწის მფლობელი აბსტრაქტული ფიგურა ხდება, რომელიც მხოლოდ გადასახადებს აგროვებს[18]. მას კვლავ შეუძლია საქონლის ყიდვა/გაყიდვა, მაგრამ ყველა დანარჩენი გადაწყვეტილება, მათ შორის, თუ რას და რამდენს გამოუშვებს ეს მინი-ეკონომიკა, ეკუთვნის მეწარმეს. კანტილიონის მეწარმეები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან მასას – პირიქით, გამყიდველები, მწარმოებლები, მათხოვრები და მძარცველებიც კი მეწარმეები არიან. ძირითადი, რაც მათ მშრომელებისგან განასხვავებს, არის გასამრჯელო – მათთვის ეს არ არის ფიქსირებული, მუდმივი ოდენობა. ისინი ყიდულობენ ცნობილ ფასად, მაგრამ ყიდიან უცნობ ფასად – მათ იციან, რას გადაიხდიან მასალებში, მიწაში, მშრომელების ხელფასში, იციან, რა დაუჯდებათ საბოლოო საქონელი; მაგრამ არ იციან, რამდენად გაიყიდება ის, რამდენად სწორად შეაფასეს მყიდველების მსყიდველობითი უნარი და გადაწყვეტილებები. თუ მეწარმეები ზედმეტად მაღალ ფასს დააწესებენ, ისინი განიდევნებიან ბაზრიდან.

კანტილიონისგან არ არის გასაკვირი მეწარმის როლის ამგვარი ხაზგასმა – ის თავად იყო წარმატებული მეწარმე[19] და, მომავალი თაობების ბევრი ეკონომისტისგან განსხვავებით, ზედმიწევნით და შიგნიდან იცოდა ბიზნესის ყველა დეტალი. მის მოდელში არ გვხვდება ადამ სმითის უხილავი ხელი ან ლეონ ვოლრას აუქციონერი, რომლებიც უბიძგებდნენ ფასებს „სწორი“ მიმართულებით. ამის მაგივრად, მისი მოდელი დასახლებულია მეწარმეებით, რომლებიც, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აფასებენ სიტუაციას ბაზარზე, მყიდველების შესაძლო მოთხოვნას და ფასებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა რაოდენობის სხვადასხვა საქონელში გადაიხდიან. განსხვავებით რაციონალური და უშეცდომო ეკონომიკური აგენტებისგან, რომლებიც მომდევნო ორი საუკუნის ეკონომიკური მოდელების „მოსახლეობას“ შექმნიან, კანტილიონის მეწარმეებმა შეიძლება შეცდომები დაუშვან, იზარმაცონ, რისკის ზედმეტად შეშინდნენ. ამ დროს ბაზრები არ მუშაობს ისე იდეალურად, როგორც ეკონომიკის სახელმძღვანელოების მოდელებში – ამისთვის საჭიროა გამჭრიახი და შრომისმოყვარე მეწარმე, რომელიც არ შეუშინდება რისკს – რომელსაც გამოზომილად აიღებს. იოზეფ შუმპეტერის გარდა, ალბათ, არავის[20] არ მიუნიჭებია მეწარმისთვის ესოდენ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ბაზრის მოქმედებაში[21].

სწორედ მეწარმე რეაგირებს ბაზრის სიგნალებზე – მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი საქონლის შინაგანი ღირებულების საფუძველი მიწაა, კანტილიონი აღიარებდა მოთხოვნის მერყეობის გავლენას საბაზრო ფასზე. ეს უკანასკნელი შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო შინაგანი ღირებულებისგან, თუკი მოთხოვნა და/ან მიწოდება შეიცვლებოდა. როგორც კი საქონლის საბაზრო ფასი მის შინაგან ღირებულებას გადააჭარბებს, ეს აძლევს მეწარმეს სიგნალს, ამ საქონლის წარმოებაში მეტი რესურსი ჩადოს[22] – კანტილიონი ამას მექუდეების მაგალითზე განიხილავს: „თუ ქალაქში/ქუჩაზე მექუდეების რაოდენობა ზედმეტად დიდია ქუჩის მყიდველების რაოდენობიდან გამომდინარე, ზოგი … გაკოტრდება; თუ პირიქით, მათი რაოდენობა ზედმეტად მცირეა – მექუდეობა გახდება მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ახალ მექუდეებს მოიზიდავს… ისე, რომ ყველა ტიპის მეწარმე ქვეყანაში რისკის შესაბამისად მოიქცევა“. საბოლოო ჯამში, კანტილიონის მოსაზრებები მეწარმეებზე, ბაზარზე, მოთხოვნა-მიწოდებასა და ფასებზე კოხტად არის ჩატეული წიგნის 13-ე და 14-ე თავების სათაურებში: „საქონლის და ნაკეთობების მიმოქცევა და გაცვლა ისევე, როგორც მათი წარმოება ევროპაში ხორციელდება მეწარმეთა მიერ და რისკის ფასად“ და „ხელისუფლისა და განსაკუთრებით ქონების მფლობელთა[23] სურვილები, ჩვევები და ცხოვრების წესები განსაზღვრავს, თუ რისთვის გამოიყენება მიწა ქვეყანაში და იწვევს ცვალებადობას ყველა ნივთის საბაზრო ფასში“. მეტიც, მალთუსისგან განსხვავებით, კანტილიონისთვის მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში ასევე დამოკიდებულია ქონების მფლობელთა გემოვნებაზე, მეორე მხრივ კი რაც უფრო დიდია ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა მით უფრო „ბუნებრივად მდიდარია“ ის.

ესეის პირველი ნაწილი სრულდება თავით, რომელშიც კანტილიონს შემოაქვს ძვირფასი ლითონები, როგორც ფული. მისთვის სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ ოქრო და ვერცხლი (და, წვრილი გარიგებებისთვის – სპილენძი) წარმოადგენს ფულს (ღირებულების საერთო საზომს, მისივე სიტყვებით), და ეს არაა გემოვნების ან საერთო შეთანხმების ამბავი. ფულის მასალა, კანტილიონის აზრით, უნდა იყოს გამძლე, დაყოფადი[24], ტრანსპორტირებადი და ერთგვაროვანი. ის განიხილავს სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს: ჩვეულებრივი საქონელი, როგორც მარცვლეული, ღვინო ან ხორცი მალფუჭებადია; ნაჭერი და ტყავი – ასევე არაა გამძლე და თან რთულად დასაყოფია მცირე ნაწილებად ისე, რომ მათი ღირებულება ადამიანისთვის შენარჩუნდეს; ალმასები და მსგავსი ძვირფასი ქვები გამოსადეგი იქნებოდა, რომ არა პრობლემები მათ დაყოფასთან დაკავშირებით; რკინა, რომელსაც ფულად სპარტელები იყენებდნენ[25], არ იქნებოდა ცუდი მასალა, რომ არა მისი სიუხვე. საბოლოო ჯამში, კანტილიონი ასკვნის, რომ მხოლოდ ოქრო და ვერცხლი აკმაყოფილებს ფულისთვის აუცილებელ ყველა პირობას და მხოლოდ მცირე გარიგებებისთვის უშვებს სპილენძის გამოყენებასაც. ის გაკვრით აკრიტიკებს ხელისუფლების მიერ ფულის დეგრადაციის პრაქტიკას, აღნიშნავს რა, რომ ამას ყოველთვის და ყველგან ფასების ზრდა მოყვებოდა.

პირველი ნაწილის ეს ბოლო თავი ორგანულად გვამზადებს მეორე ნაწილისთვის, რომელიც მონეტარული ეკონომიკის განხილვას წარმოადგენს. ის განიხილავს ფულის მიმოქცევის საკითხებს[26] და ფულის მიწოდების ცვლილების გავლენას ეკონომიკაზე. ფულის მიმოქცევის მისეული ანალიზი ეფუძნება ქალაქსა და სოფელს (და ეკონომიკის სამ შემადგენელ ნაწილს) შორის ხარჯების  ნაკადებს. მისი მეწარმე-ფერმერი ერთდროულად „სამ რენტას“[27] გამოიმუშავებს – მისი მოსავლის ერთი მესამედი მიწათმფლობელს გადაეცემა, იჯარის სახით, ერთი მესამედი წარმოადგენს მის ხარჯებს (მშრომელების გასამრჯელოს ჩათვლით) და ერთი მესამედიც ფერმერის მოგებას წარმოადგენს. აქედან, მიწათმოქმედები მთელ თავის შემოსავალს, ხოლო ფერმერები კი შემოსავლის ნახევარს ხარჯავენ ქალაქში. ქალაქსა და სოფელს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ქალაქში გამოიყენება ფული, ხოლო სოფელში – ბარტერი, რომელიც კანტილიონს არ აინტერესებს. რადგან სოფელში ფული არ გამოიყენება, მოსავლის ნახევარი უნდა გაიყიდოს ქალაქში, რათა სოფლის მაცხოვრებლებს ქალაქში დასახარჯი ფული გაუჩნდეთ. ეს, ფაქტობრივად, არის შემოსავლის წრებრუნვის მოდელი, მსგავსი იმისა, რაც დღეს ეკონომიკის პრინციპების სახელმძღვანელოებში გვხვდება, როდესაც საუბარი მშპ-ს განსაზღვრაზეა. ერთი ადამიანის ხარჯი მეორის შემოსავალს წარმოადგენს და ეს უკანასკნელი კი, საქონლის წარმოებით მიიღება. ამ ანალიზმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფრანსუა კენეზე[28] და მის „Tableau economique“-ზე. თუმცა კენესთვის მნიშვნელობა ჰქონდა შემოსავლის გენერირების პროცესს და მის გავლენას ფისკალურ პოლიტიკაზე, კანტილიონი კი ცდილობდა ამ მოდელის მეშვეობით განესაზღვრა ქვეყანაში საჭირო ფულის ოდენობა. ქვეყნის მთლიანი შემოსავლის განსაზღვრა და ფულის მიმოქცევის სიჩქარესთან დაკავშირებით დაშვების გაკეთება[29] აძლევს მას საშუალებას გამოთვალოს ფულის ის ოდენობა, რომელიც საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისთვის – ფულის მოთხოვნა[30].

ფულის მოთხოვნის კანტილიონისეული თეორია ბევრ რამეში ჰგავს თანამედროვე მიდგომას, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც არის – ბევრი გვიანდელი (მათ შორის, თანამედროვე) ავტორისგან განსხვავებით, მისთვის მნიშვნელოვანია ფულის მიწოდების ზრდის წყარო[31] და ის ეკონომიკური აგენტები, ვინც პირველები იღებენ ამ მიწოდებას[32]. ის, ზოგადად, აღიარებს, რომ ზრდა ფულის მიწოდებაში ზრდის ხარჯებს, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ფასების დონეს ქვეყანაში. მაგრამ მისთვის (განსხვავებით ეკონომიკის პრინციპების სახელმძღვანელოებისგან), ეს ზრდა არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი – მონეტარული ექსპანსიის პროცესი მისთვის მდინარეში წყლის ნაკადს წააგავს: „მდინარე … არ დაიწყებს ორჯერ უფრო სწრაფად დინებას, როდესაც მასში წყლის რაოდენობა გაორმაგდება“. ის, რასაც დღეს მონეტარული გადაცემის მექანიზმი ჰქვია, მისთვის სხვადასხვა არხების შემთხვევაში სხვადასხვაა. სიმარტივისთვის, ამ არხების აღსაწერად მე გამოვიყენებ ანტუან მერფის წიგნში მოცემულ ცხრილს, რომლის დეტალებს შემდეგ მოკლედ განვიხილავ.

მონეტარული გადაცემის მექანიზმების ტაქსონომია კანტილიონის ესეში[33]

მონეტარული ექსპანსიის წყაროფულის მფლობელების გადაწყვეტილებებიბაზრებიბაზრის მიწოდების პირობებიშედეგები
ოქროს/ვერცხლის მოპოვება მაღაროებშიხარჯვასაქონლისეკონომიკის ღიაობადასაქმება და გამოშვება
სავაჭრო პროფიციტიდანაზოგიფინანსური ინფლაცია
კაპიტალის შემოდინება„მუთაქაში დაგროვება“[34] სათადარიგო სიმძლავრეებისაგადასახდელო ბალანსი

ამ ცხრილიდან კარგად ჩანს, როგორ მოქმედებს კანტილიონის გადაცემის მექანიზმები: ფულის მიწოდების ზრდის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, იხარჯება ეს ფული, სესხად გადის, თუ „მუთაქაში ინახება“ – პატრონის სახლში რჩება და არსად მიდის. თუ იხარჯება – ის მყისიერად ახდენს გავლენას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, ღიაა, თუ დახურულია ქვეყანა[35] და იმაზე, შეუძლია თუ არა ბაზარს თავისუფლად გაზარდოს მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა[36]. ცხრილში მოყვანილი სამი არხის მექანიზმი შემდეგია[37]:

  1. ფულის მიწოდება იზრდება, მაღაროებში ძვირფასი ლითონების მოპოვების გამო: იზრდება ფულის ხარჯვა ეკონომიკაში ისევე, როგორც სესხები. შედეგად იზრდება როგორც ფასები, ისე დასაქმება. ადგილობრივი საქონლის გაძვირება ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას, ზრდის იმპორტს და აუარესებს სავაჭრო ბალანსს, რაც, საბოლოოდ, ფულის მიწოდების შემცირებას იწვევს. ამ პროცესის მაგალითად კანტილიონს მოჰყავს ესპანეთი და პორტუგალია, რომლებმაც დიდძალი ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს ახალ სამყაროში, თუმცა მუდმივად ეს დოვლათი არც ერთ ქვეყანაში არ დარჩენილა და სავაჭრო არხებით დანარჩენ ევროპაში გაედინა. შედეგად, მთელ ევროპაში ფასები გაიზარდა. კანტილიონი იმასაც აღნიშნავს, რომ ოქროს რაოდენობის ზრდა მაღაროებში მოპოვების გამო მხოლოდ მაღაროების მფლობელებისთვის/მაღაროებში დასაქმებულებისთვის მოაქვს სარგებელი, დანარჩენ ეკონომიკას კი ვნებს, გაიაფებული იმპორტისა და, შედეგად, დაჩაგრული ადგილობრივი წარმოების გამო.
  2. ფულის მიწოდება იზრდება კაპიტალის შემოდინების, კერძოდ, საგარეო ვალის[38] აღების შედეგად. ამის შედეგად, ეცემა საპროცენტო განაკვეთები და სამეწარმეო საქმიანობა უფრო იაფი ხდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზღვარგარეთ ვალის აღება ხარჯიანია, გულისხმობს საპროცენტო გადახდების საზღვარგარეთ გასვლას და, რაც დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარე კრედიტორების მიერ ვალის მოულოდნელმა გატანამ[39] შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს. მეოცე საუკუნეში არაერთი ეკონომიკური კრიზისი დაწყებულა სწორედ ინვესტორების მიერ თავისი კაპიტალის უეცარი გატანით.
  3. სავაჭრო პროფიციტი ფულის მიწოდების ზრდის კიდევ ერთი წყაროა. კანტილიონის დასკვნაა, რომ ამ არხით გაიზრდება დასაქმება და გამოშვება. მისი აზრით, ექსპორტიორები უფრო მეტად არიან მიდრეკილები დაზოგვისკენ, ვიდრე, მაგალითად, მაღაროების მფლობელები, ამიტომ თავდაპირველი გავლენა ფასებზე მცირე იქნება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ექსპორტიორების სიმდიდრის ზრდასთან ერთად, გაიზრდება სამომხმარებლო ხარჯებიც და, საბოლოოდ, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. შედეგად, შემცირდება ექსპორტი, გაიზრდება იმპორტი და, როგორც წინა ორ შემთხვევაში, ფულის მიწოდების ზრდა მხოლოდ დროებითი იქნება.

მისი ანალიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ სხვადასხვა საქონელი სხვადასხვა პროპორციით ძვირდება. კერძოდ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვაჭრობადია[40] თუ არა კონკრეტული საქონელი. თუ საქონლის გაძვირების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი იმპორტირება, ფულის მიწოდების ზრდა დიდად ასეთ საქონელს[41] არ გააძვირებს. მეორე მხრივ, თუ საქონლის იმპორტირება რთულია, მისი მალფუჭებადობის (კარაქი, რძე), ან ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების (ხე-ტყე) გამო, მაშინ მის ფასზე გავლენა გაცილებით მაღალი იქნება.

მას შემდეგ, რაც კანტილიონმა მეორე ნაწილში აღწერა ბარტერიდან მონეტარულ ეკონომიკაზე და დახურულიდან ღია ეკონომიკაზე გადასვლა, მესამე ნაწილში ის მზადაა შემოიტანოს სხვადასხვა ვალუტები და ქაღალდის ფული დაუმატოს ოქროსა და ვერცხლზე დაფუძნებულ სისტემას. თუკი წინა ორი ნაწილი უფრო მეტად თეორიულია, ეს ნაწილი პოლიტიკის[42] ელემენტებსაც მოიცავს და, ამასთან, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის ფინანსური ლანდშაფტის საუკეთესო აღწერაცაა. გარდა ამისა, ესეის მესამე ნაწილს კიდევ ერთი, კანტილიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლიც გააჩნია – ის არის ჯონ ლოს სისტემის კრიტიკა. სწორედ ჯონ ლოს სისტემაში მისი ჩართულობა იყო მიზეზი მისი პრობლემების უდიდესი ნაწილისა და, მიუხედავად იმისა, რომ მან საკმაოდ დიდი ფული გააკეთა ამ ჩართულობით, ის, როგორც პიროვნულ, ისე იდეურ დონეზე, ჯონ ლოს მოწინააღმდეგე დარჩა. ამიტომაც, მესამე ნაწილის ბოლოს ის ამატებს ქაღალდის ფულის ემიტენტ ბანკს და სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც სურს მონეტარული პოლიტიკის გამოყენებით საპროცენტო განაკვეთების დაწევა. და, ცხადია, აკრიტიკებს მათ.

აღწერა იმისა, თუ როგორ იყენებდნენ ბანკირები გაცვლის ანგარიშებს ვაჭრობის გასამარტივებლად და ფულის „გადარიცხვისთვის“, რომელიც კანტილიონის შესახებ პირველ პოსტში იყო მოყვანილი[43], სწორედ ამ ნაწილიდანაა. ის აფართოებს ერთი ქვეყნის ფარგლებში მდებარე ორ ქალაქს[44] შორის ვაჭრობის მოდელს მრავალქვეყნიან მოდელამდე, თუმცა დასძენს, რომ „საბოლოო ჯამში, ეს გაცვლა [რამდენიმე ქვეყანას შორის] განსხვავდება პარიზსა და შალონს შორის გაცვლისგან მხოლოდ ბანკირების ჟარგონით“. მთავარია, რომ ვალუტების შედარებისას და მათ შორის პარიტეტის გამოთვლისას, გავითვალისწინოთ მათში ოქროს შემცველობა ისე, რომ 100 უნცია ოქრო პარიზში ლივრებში უდრის ასსავე უნცია ოქროს ამსტერდამში, ოღონდ ფლორინებში[45]. კურსის განსხვავება პარიტეტისგან შეიძლება იყოს (და, როგორც წესი, არის) ტრანსპორტირების ღირებულების შედეგი. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვადარებთ გირვანქის ფაქტობრივ კურსს პიასტრებთან, პარიტეტულს, ჩვენ ისიც ვიცით, ინგლისს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს ესპანეთთან, თუ უარყოფითი[46].

შესაბამისად, როდესაც მსოფლიოს განვიხილავთ, როგორც მრავალმხრივი გაცვლითი კურსების სისტემას, შეგვიძლია გაცვლის ანგარიშების ერთმანეთის მიმართ დაბალანსება[47] და გაცვლითი კურსები (შედარებით პარიტეტთან) გვაჩვენებს თითოეული ქვეყნის/ქალაქის წმინდა[48] ბალანსს. ამასთან, ბანკირებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ინფორმაცია მომავალი სავაჭრო ნაკადების შესახებ, რათა კურსების სხვაობაზე იხეირონ. მაგალითად, თუ იანვარში ინგლისს 50,000 გირვანქის ტოლი დეფიციტი აქვს ჰოლანდიასთან[49] მიმართებაში (ლონდონში უფრო მეტი ტვირთი ჩავიდა ამსტერდამიდან, ვიდრე პირიქით), მაშინ გაცვლითი კურსი ამსტერდამში პარიტეტზე უფრო მაღალი იქნება მანამ, სანამ სავაჭრო დეფიციტის შესაბამისი ოქრო ლონდონიდან ამსტერდამში არ ჩავა. მაგრამ, თუ ინგლისელმა ბანკირმა იცის, რომ მარტში ინგლისიდან ჰოლანდიაში დიდი რაოდენობით ტვირთი ჩავა, მან შეიძლება იანვარში 50,000 გირვანქის ნაცვლად ამსტერდამში შესაბამისი ნომინალის გაცვლის ანგარიშები გააგზავნოს, მარტში გადასახდელად. ამით, ის მნიშვნელოვან მოგებას ნახავს, რადგან ფლორინის კურსი პარიტეტზე მაღალია იანვარში, მაგრამ პარიტეტზე დაბალი იქნება მარტში. ეს არის, კანტილიონის სიტყვებით, ის, რასაც ბანკირები სპეკულაციას უწოდებენ და რაც გაცვლითი კურსების მოკლევადიან მერყეობას იწვევს, დამოუკიდებლად სავაჭრო ნაკადებისგან[50].

კანტილიონი, ასევე, ნიუანსებში განიხილავს, თუ რა განაპირობებს „გაცვლით კურსს“ სხვადასხვა ძვირფას ლითონს შორის, თუმცა ეს პოსტი ისედაც ძალიან გრძელი გამოდის, და ამ განხილვიდან მხოლოდ ორ დეტალს გამოვყოფ:

  1. როდესაც სამთავრობო ზარაფხანა აწესებს ფიქსირებულ ფარდობას ოქროსა და ვერცხლს  შორის, რომელიც არ ეყრდნობა საბაზრო ფასებს, საბაზრო ფასთან უფრო ძვირად შეფასებული ლითონი გაქრება მიმოქცევიდან – ეს არის ე.წ. გრიშემის კანონი, როდესაც ცუდი ფული განდევნის კარგს;
  2. კანტილიონი წერს: „ნიუტონმა მითხრა, რომ, სამეფოს ფუნდამენტური კანონების შესაბამისად, ვერცხლი არის ჭეშმარიტი და ერთადერთი მონეტარული სტანდარტი“. ეს განსაკუთრებით ირონიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ნიუტონის შეცდომამ ოქრო/ვერცხლის ოფიციალური ფარდობის დაწესებისას მიიყვანა ბრიტანეთი და, საბოლოო ჯამში, მსოფლიო, ოქროს სტანდარტამდე.

წიგნის დასასრულს ის ყურადღებას უთმობს ფინანსურ ინოვაციებს – კერძოდ, ნაწილობრივი დარეზერვების სისტემას, ქაღალდის ფულსა და ნაციონალურ ბანკებს[51]. დღევანდელი საბანკო სისტემა სწორედ ნაწილობრივ დარეზერვებას ეყრდნობა – ბანკში შეტანილი დეპოზიტებიდან მხოლოდ ნაწილი რჩება უშუალოდ ბანკში (რეზერვები), ხოლო დანარჩენი კი სესხად გაიცემა და ახალ დეპოზიტებს ქმნის. კანტილიონისთვის ამ სისტემის საფუძველში ბანკირებთან ერთად ოქრომჭედლებიც არიან, რადგან ისინი ისტორიულად ინახავდნენ კლიენტების ოქროს უსაფრთხოებისთვის და კანტილიონის დროისთვის უკვე სხვა საბანკო ფუნქციების შესრულებაც დაიწყეს. კანტილიონის აზრით, ბანკებს/ოქრომჭედლებს შეუძლიათ ყოველის შეტანილი 1000 უნცია ოქროდან 900 გასცენ, რადგან მათ საქმე მდიდარ კლიენტებთან აქვთ და ყოველ გატანილ 100 უნცია დეპოზიტზე, ვინმე 100 უნცია ახალ დეპოზიტს შემოიტანს. ამით ბანკირები და ოქრომჭედლები აჩქარებენ ფულის მიმოქცევას და, ასევე, ქმნიან ოქროს ფულის შემცვლელს – (ბანკ)ნოტებს, რომლის სანაცვლოდ ყოველთვის არიან მზად გასცენ მათ დეპოზიტებზე არსებული ოქრო. მათ მიმართ ნდობა განაპირობებს ამ ბანკნოტების მიმოქცევაში გამოყენებას – „ბანკნოტმა შეიძლება არაერთი ხელი გაცვალოს და დიდი ხანი იყოს [მიმოქცევაში] ისე, რომ არავინ არ მოსთხოვს ბანკირს ფულს“[52]. კანტილიონი ხაზს უსვამს ორ გარემოებას: პირველ რიგში, ეს სისტემა ეფუძნება სრულ ნდობას ბანკირის მიმართ – როგორც კი ბანკირი ვერ გადაცვლის მის მიერ გაცემულ ბანკნოტს ოქროში, ის ან გაკოტრდება ან იძულებული იქნება ძალიან მაღალი განაკვეთით ისესხოს ფული, რათა არ გაკოტრდეს; და მეორე – იმაში, თუ მიღებული დეპოზიტების რა ნაწილის გასესხება შეუძლია ბანკირს, დიდ როლს თამაშობს მისი დეპოზიტარების ვინაობა – მეწარმეებსა და ვაჭრებს უფრო ხშირად უწევთ ხოლმე დეპოზიტების გატანა, ვიდრე იმათ, ვინც ფულს ზოგავს, მაგალითად, მიწის ყიდვისთვის. კანტილიონის მსჯელობაში ერთი ნიშანდობლივი მომენტია – ის არ განიხილავს ქაღალდის ბანკნოტებს ფულად, უფრო ფულის შემცვლელად. როდესაც ის ფულის მიწოდებას ითვლის, ის მაინც მხოლოდ ლითონის ფულის ითვლის, ქაღალდის ბანკნოტები მისთვის მხოლოდ ფულის მიმოქცევის სიჩქარეს ზრდის, ბანკების არსებობა კი თავიდან არიდებს ქვეყანას ფულის „მუთაქებში“ შენახვის[53] პრობლემისგან, როდესაც ვერცხლი უმოქმედოდ ინახება და არ გამოიყენება თავისი „ბუნებრივი“ დანიშნულებისთვის.

ნდობის საკითხი კანტილიონისთვის მნიშვნელოვანია – ზოგი ერთ ბანკირს ენდობა, ზოგი მეორესო, წერს ის. ამიტომ მისთვის „საზოგადო ცენტრალურ ბანკს აქვს ის უპირატესობა ცალკეულ ბანკსა თუ ოქრომჭედელზე, რომ მის [ცენტრალური ბანკის] მიმართ ნდობა უფრო მაღალია“. თუმცა, ის მოგვიანებით წერს, რომ საზოგადოებრივი ბანკები სასარგებლოა მცირე სახელმწიფოებში და იქ, სადაც ვერცხლის რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ დიდ უპირატესობას არ აძლევს მსხვილ სახელმწიფოს.

ბანკების (განსაკუთრებით ცენტრალური ბანკების) უპირატესობებთან ერთად, კანტილიონი ხაზს უსვამს რისკებსაც – „ფიქტიური და წარმოსახვითი ფულის სიჭარბე იწვევს იმავე არახელსაყრელობებს[54], როგორც მიმოქცევაში რეალური  ფულის ზრდა, მიწისა და სამუშაო ძალის ფასების ზრდით… ეს… არაბუნებრივი სიჭარბე სკანდალის პირველივე ნიავზე ქრება და ეკონომიკური ქაოსის საწინდარია.“ ცხადია, რომ ეს წინადადება სხვა არაფერია, თუ არა ჯონ ლოსა და მისი Banque Generale/Royale-ის კრიტიკა[55].

ის სულ უფრო და უფრო დაუფარავად აკრიტიკებს შოტლანდიელს, როდესაც წერს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ მიყენებული ზარალი შეიძლება ფულის ჭარბ ბეჭდვაზე უარესიც იყოს, თუკი სახელმწიფო მინისტრი[56] რამენაირად დააბეჭდინებს ცენტრალურ ბანკს მეტ ბანკნოტს (უზრუნველყოფის გარეშე) და სთხოვს, გამოიყენონ ეს ბანკნოტები სამთავრობო აქციების ყიდვისთვის, მაშინ აქციების ფასი გაიზრდება, ხოლო საპროცენტო განაკვეთები – დაეცემა. თუ ეს საზოგადოებაში შესაბამის მოლოდინებს შექმნის, მოსახლეობა აქტიურად დაიწყებს აქციების ყიდვას, რაც მათ ფასს კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო საპროცენტო განაკვეთებს კიდევ უფრო შეამცირებს. კანტილიონი აღიარებს, რომ, თუ ეს ნაბიჯები ფრთხილად გადაიდგმება, ამით შესაძლებელია სახელმწიფო ვალის დაფარვა და ცენტრალური ბანკი ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედებს. ეს ახალი ბანკნოტები, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ვერცხლით, არ ვნებს მიმოქცევას, რადგან ისინი მხოლოდ აქციების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენება. თუმცა, „თუკი რაიმე პანიკა ან მოულოდნელი კრიზისი აიძულებს ბანკნოტების მფლობელებს მოითხოვონ ბანკისგან ვერცხლი – ბომბი აფეთქდება და გამოჩნდება, რომ ეს სახიფათო ოპერაციებია.“[57]

მთლიანობაში, კანტილიონი კრიტიკულად და ერთგვარი პესიმიზმით უდგება ფინანსურ ინოვაციებს. მას არ სჯერა ადამიანების კაიტიპობის და ჰგონია, რომ ქაღალდის ფული და ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა ჭარბი მონეტარული ექსპანსიის სტიმულს იძლევა. მისისიპის სისტემა და მისი კრახი კანტილიონისთვის ამ ფინანსური ინოვაციების ემპირიული დასაბუთებაა.

დღეს არ იქნება სწორი კანტილიონისა და ლოს დაპირისპირებას შევხედოთ, როგორც ბრძოლას, რომელშიც მხოლოდ ერთი გამარჯვებულია. საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენ ლოს სამყაროში ვცხოვრობთ – მის ოდნავ სახეცვლილ და დავარცხნილ ვერსიაში მაინც. მეორე მხრივ, კანტილიონმა უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ თეორიაში. მან, უდავოდ, მოახდინა გავლენა ადამ სმითზე როგორც უშუალოდ, ისე ფრანგი ფიზიოკრატების „გავლით“. და მე ველი, რომ ოდესმე ჰოლივუდი ან ნეტფლიქსი გადაიღებს ფილმს ან სერიალს შოტლანდიელზე, ირლანდიელზე ან ორივეზე ერთად. სადაც ჯონ ნეშზე გადაიღეს…


[1] ვეფხისტყაოსნის ლექსიკონის თანახმად, ობოლი „ეპითეტია საუკეთესო მარგალიტის დასახასიათებლად“

[2] ამაზე მიუთითებს, მაგალითად, მნიშვნელოვანი მსგავსებები ესეის ტექსტსა და კოშენის მიერ კანტილიონის დაცვის მემუარის ტექსტს შორის.

[3] ეს ტერმინი, ჩვენებური გაგებით, იმ პერიოდში ჯერ არ არსებობს. კანტილიონის ესეის სათაურში ნახსენებია „ვაჭრობა“ (ფრანგული commerce, ინგლისური trade), რომელიც, იმხანად, სწორედ დღევანდელი „ეკონომიკის“ სინონიმად შეგვიძლია აღვიქვათ.

[4] იმის გამო, რომ ესეის დაწერის პერიოდში კანტილიონი ჯონ და უილიამ ლოების წინააღმდეგ კიდევ ერთ სასამართლო საქმეში იყო ჩართული, არც თავად შოტლანდიელი და არც მისისიპის სისტემა ცხადად ესეიში ნახსენები არაა.

[5] Malachi Postlethwayt

[6] სამწუხაროდ, ესეის ტექსტში არაერთხელ ნახსენები სტატისტიკურ „დანართს“ ჩვენამდე არ მოუღწევია.

[7] თარგმანი ჩემია, ჩენტალ სოსიერის ინგლისური თარგმანის საფუძველზე (Cantillon, Richard. Essay on Economic Theory, An. Ludwig von Mises Institute, 2010).

[8] სწორედ მესამე ნაწილი „ეძღვნება“ ლოს სისტემას, ამ უკანასკნელის ყოველგვარი ხსენების გარეშე. სწორედ ამიტომ, ანტუან მერფი ლოს ადარებს გოდოს (თუ ვინმე ამ ფაქტს გაახუთასლარებს, აქვე, კომენტარში მომწეროს).

[9] Intrinsic

[10] კანტილიონი, პრაქტიკულად, ერთადერთი ეკონომისტია, ვისთვისაც მიწაა ღირებულების წყარო.

[11] დაახლოებით საუკუნენახევარი დასჭირდებათ ეკონომისტებს, რომ შეთანხმდნენ, რომ ღირებულება სუბიექტურია. სამაგიეროდ, ამ დასკვნამდე სამი ეკონომისტი ერთად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივა. მომწიფდა, ეტყობა.

[12] Food, conveniences, and pleasures of life

[13] Transferable

[14] და ისევ, estate.

[15] რეალობის ამგვარი გამარტივება, პრაქტიკულად ნებისმიერ მაკროეკონომიკურ მოდელში გვხვდება – ყველაფრის საწყისია ერთი, ცალკე აღებული და გარე სამყაროსგან სრულიად ჩაკეტილი ქვეყანა.

[16] აქ უკვე farms

[17] კანტილიონი პირველია, ვინც ფართოდ იყენებს ამ ტერმინს (entrepreneur) ეკონომიკურ ასპექტში.

[18] მნიშვნელოვანია, ეკონომისტის თვალთახედვით მაინც, რომ საბაზრო ეკონომიკას ძალუძს ზუსტად გაიმეოროს ცენტრალიზებული ეკონომიკის შედეგები – თუკი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას არც მიწის მფლობელის მოხმარების სტრუქტურა შეიცვლება და მეწარმეებსაც და მშრომელებსაც ცხოვრების იგივე სტანდარტი ექნებათ, მიწისა და რესურსების დანაწილება არ შეიცვლება.

[19] პოსტებში ძირითადი აქცენტი მის საბანკო საქმიანობაზე მქონდა, მაგრამ სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში ის, ფინანსურ საქმიანობასთან ერთად, ღვინისა და ტანსაცმლის ბიზნესშიც აქტიურად იყო ჩართული.

[20] რაღაც კუთხით, ფრანგები კენე, ტიურგო და სეიც უნდა ვახსენოთ, თუმცა პირველი ორი მეწარმედ მხოლოდ ფერმერს განიხილავდნენ.

[21] ეს აბზაცი ეფუძნება შესაბამის მონაკვეთებს ანტუან მერფის ნაშრომებში.

[22] ადამ სმითი, ავტორის მიუთითებლად, იყენებს რესურსების სექტორებს შორის განაწილების ამ თეორიას, უბრალოდ „შინაგანი ღირებულების“ ნაცვლად იყენებს ტერმინს „ბუნებრივი ფასი“. მაგრამ სმითის მოდელში რესურსებს „უხილავი ხელი“ ანაწილებს მაშინ, როდესაც კანტილიონისთვის ამას რეალური, ხელმოსაჭიდი მეწარმე შვრება.

[23] მიუხედავად იმისა, მართავენ ისინი საკუთარ მიწას, თუ აქირავებენ მეწარმეებზე.

[24] Divisible

[25] კანტილიონს მოჰყავს საინტერესო ინფორმაცია, რომ სპარტელები შეგნებულად აზიანებდნენ რკინის მონეტებს ძმრით, რათა მისი გამოყენება სხვა მიზნით შეუძლებელი გამხდარიყო.

[26] და პირველია, რომელიც იყენებს ტერმინს „ფულის მიმოქცევის სიჩქარე“.

[27] იჯარა ქართულად უფრო სწორია, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაარსობრივად არ ჯდება კონტექსტში

[28] ერთ-ერთი მომავალი პოსტის გმირზე

[29] ფულის მიმოქცევის სიჩქარე მისთვის არაა ყოველთვის მუდმივი არც დროში (წლიდან წლამდე) და არც სივრცეში (ქალაქში ის შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სოფელში), თუმცა, საბოლოო ჯამში, კანტილიონისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

[30] მისი გათვლებით, ფულის მოთხოვნა ქვეყანაში მთლიანი გამოშვების 1/9-ია, რაც ახლოსაა უილიამ პეტის (მასაც შევხვდებით მომავალში) მიერ გამოთვლილ 1/10-თან.

[31]  თუმცა ის, რა თქმა უნდა, ასეთად ცენტრალურ ბანკს არ განიხილავს.

[32] დღეს ამას კანტილიონის ეფექტი ეწოდება. ავსტრიული სკოლის მხრიდან ცენტრალური ბანკების არსებობის კრიტიკის საფუძველი სწორედ ეს ეფექტია.

[33] კანტილიონი მეოთხე არხსაც განიხილავს, რომელშიც გაერთიანებულია ტურისტული შემოსავლები, სუბსიდიები და იმიგრანტების მიერ შემოტანილი ფული. სიმარტივისთვის (ყველაფერი ფარდობითია), ეს არხი გამოვტოვე.

[34] Hoarding. ლექსიკონში ამ შინაარსის შესაბამისი ერთადერთი შესატყვისი არის „თეზავრირება“. ბრრრ.

[35] საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

[36] მაგალითად, ეკონომიკა თუ ღიაა და მოთხოვნა გაიზარდა ვაჭრობად საქონელზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილობრივი ბაზარი ვეღარ გაზრდის საქონლის წარმოებას, მისი იმპორტი იქნება შესაძლებელი და, ამდენად, ფულის მასის ზრდას გავლენა ექნება სავაჭრო ბალანსზე და არა ადგილობრივ ფასებზე. მეორე მხრივ, თუ ეკონომიკა დახურულია და ბაზარს წარმოების გაზრდის შესაძლებლობა აღარ აქვს – ფასები გაიზრდება.

[37] ფაქტობრივად, ეს არის დევიდ ჰიუმის ე.წ. ფასები-ძვირფასი ლითონების ნაკადის მექანიზმის (price-specie flow mechanism) გართულებული და უფრო ზუსტი ვარიანტი. შესაბამისად, ამ მექანიზმის ჰიუმის სახელით მოხსენიება ცოტა უსამართლოა.

[38] როგოც სამთავრობო, ისე კერძო.

[39] მაგალითად, შესაძლო ომის მოლოდინში.

[40] საქონელი, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საგანს წარმოადგენს/შეიძლება წარმოადგენდეს.

[41] კანტილიონის მაგალითში – ხორბალი.

[42] Policy. სამწუხაროდ, ქართულში policy-ს politic-ისგან თარგმანში ვერ ვანსხვავებთ.

[43] აქ

[44] შეგახსენებთ, რომ მაგალითი იყო პარიზსა და შალონს შორის ფულადი ნაკადების მოძრაობაზე.

[45] დავუშვათ (რიცხვები სიმარტივისთვის არის შერჩეული) ერთი ლივრი შეიცავს ერთ უნცია ოქროს, ხოლო ერთი ფლორინი – ნახევარ უნცია ოქროს. მაშინ პარიტეტული კურსი იქნება ორი ფლორინი ერთ ლივრში.

[46] სავაჭრო დეფიციტი ნიშნავს, რომ ვალუტა ივაჭრება პარიტეტზე დაბალი კურსით (რადგან ქვეყნიდან ოქრო გადის), სავაჭრო პროფიციტი კი, პირიქით.

[47] კიდევ ერთი რთულად სათარგმნი ტერმინი – offset. თუ ლონდონს პარიზის მართებს 300 გირვანქა, პარიზს – რომის 400 გირვანქა, ხოლო რომს – ლონდონის 400 გირვანქა, დაბალანსება, ამ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ პარიზს მართებს ლონდონის 100 გირვანქა.

[48] ინგლისურად – net. სავარაუდოდ, ასეთი თარგმანი არის რუსული „чистый”-ს კალკი. ეკონომიკის კონტექსტში წმინდა ყოველთვის ამას ნიშნავს და არა, სიტყვაზე, წმინდა ბალანს კაპადოკიელს.

[49] კანტილიონთან გალანძ… ჰოლანდიაა.

[50] თანამედროვე ანალოგი რომ მოვიყვანოთ – ასე იცვლება კურსი მოკლევადიან პერიოდში მოლოდინების გავლენით. ამიტომ ხდება, მაგალითად, რომ ლირის გაუფასურება დოლარის მიმართ, სავაჭრო ნაკადების მოსალოდნელი ცვლილების გამო, ახდენს გავლენას ლარის კურსზე დოლარის მიმართ.

[51] National Banks. ტერმინი „ცენტრალური ბანკი“ იმხანად ჯერ არ არსებობდა, თუმცა აწი, შედარებით ცუდად მჟღერი „ნაციონალურის“ ნაცვლად, ცენტრალურს გამოვიყენებ.

[52] უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანტილიონის დროს ბანკნოტები საკმაოდ მსხვილი ნომინალის იყო ხოლმე და, შესაბამისად, მხოლოდ მსხვილი გადახდებისთვის გამოიყენებოდა.

[53] Hoarding

[54] Disadvantages

[55] კანტილიონი, როგორც წესი, არ უშვებს ხელიდან ლოს წაკბენის შანსს. თავი, რომელიც გაცვლითი კურსების ფორმირებას ეხება, სრულდება წინადადებით „ვიცი, რომ მათთვის, ვისაც ესმის გაცვლითი კურსები, არაფერია უფრო მარტივად აღსაქმელი და ისინი სწორად არიან განცვიფრებულები იმით, რომ ქვეყნების მმართველები და დიდი სამეფოების ფინანსთა გამგებლები ისე ცუდად ერკვევიან გაცვლითი კურსების ბუნებაში, რომ კრძალავენ ოქროსა და ვერცხლის ზოდებისა და მონეტების ექსპორტს“. რა არის ეს, თუ არა ლოს ავადსახსენებელი გადაწყვეტილების კრიტიკა?

[56] კანტილიონი კი წერს, სახელმწიფო მინისტრი ინგლისშიო, მაგრამ ინგლისის ბანკს ოფიციალურად არ ჰქონდა ფულის მიწოდების ზრდის უფლება სამხრეთის ზღვების ბუმის „უზრუნველსაყოფად“.

[57] ეს ესეის უკანასკნელი წინადადებაა.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

1 Response to რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი (ნაწილი 5)

  1. Pingback: უილიამ პეტი – გელთა აღმწერელი (ნაწილი მეხუთე). | bachetc

Leave a comment