ადამიანები, ვინც თანამედროვეობა შექმნეს

შესავალი – ინდუსტრიული რევოლუცია.

მსოფლიო ისტორიაში სულ თითებზე ჩამოსათვლელია მოვლენები, რომლებმაც ძირეულად შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ასეთია, მაგალითად, ნეოლითური ან პირველი სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, როდესაც, 10,000-ზე მეტი წლის წინ, მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოება ჩაანაცვლა მიწათმოქმედთა და მეცხოველეთა საზოგადოებამ. ასეთები იყო ცეცხლის „მოშინაურება“ ან ლითონების დნობის ტექნოლოგიის აღმოჩენა. მაგრამ ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც განვითარდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში, ჩემი, როგორც ეკონომისტის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამგვარ მოვლენათა შორის. ისტორიული მასშტაბებით საკმაოდ მცირე დროის მანძილზე ადამიანის ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული გვაქვს ჩვენ სამუშაო დღე[1] და სამუშაო კვირა; ჩვენ დილას გავდივართ სამსახურში, საღამოს კი, ვბრუნდებით სახლში[2]; ვცხოვრობთ, უმეტესწილად, ქალაქებში; ვიყენებთ, უმეტესწილად, სტანდარტიზებული დეტალებისგან აწყობილ სტანდარტულსავე მოწყობილობებს და ა. შ. ეს ყველაფერი არის ინდუსტრიული[3] რევოლუციის – მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენის შედეგი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შესახებ ყველას გაუგია და მისი მნიშვნელობა, ზოგადად მაინც, ყველას ესმის, მისი მკაფიოდ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. დავიწყოთ იმით, რომ არ არსებობს შეთანხმება მისი დროითი ფარგლების შესახებ: ზოგის აზრით, ინდუსტრიული რევოლუციის სათავეები ბრძმედის განვითარებას უკავშირდება[4], ზოგისთვის – ორთქლის მანქანის გამოგონებას, ზოგისთვისაც – ტექსტილის მრეწველობის განვითარებას. სხვა მკვლევრები უკავშირებენ ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისს არა კონკრეტულ გამოგონებას/ინდუსტრიას, არამედ ცვლილებას წარმოების პროცესში – გადასვლას ქარხნულ სისტემაზე, მასობრივ წარმოებაზე. ეკონომისტებისთვის, ტრადიციულად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ტემპები[5] და, შესაბამისად, ჩემი კოლეგების განსაზღვრება ხშირად მოიცავს უწყვეტი, დამოუკიდებელი ან წინა პერიოდებთან შედარებით მკვეთრად აჩქარებული ეკონომიკური ზრდის პროცესს. მაგრამ ეს მხოლოდ ქვედა ზღვარზეა საუბარი – როდის დასრულდა ინდუსტრიული რევოლუცია?[6] როდესაც ყველა სექტორი მექანიზებული გახდა? როდესაც ენერგია თითქმის მთლიანად ნამარხ საწვავზე[7] გახდა დამოკიდებული? როდესაც ურბანიზაციამ 50%-ს გადააჭარბა? კონსენსუსი არც გვაქვს. მიუხედავად ამისა, თუ რამენაირად გავასაშუალებთ სხვადასხვა მკვლევრის მიერ განხილულ პერიოდებს, მივიღებთ 1760-1820 წლებს. რასაც, ორგანულად, მივყავართ მეორე პრობლემამდე – რამდენად რევოლუციური იყო ინდუსტრიული რევოლუცია? დავიწყოთ იმით, რომ, თუ რაღაც მოვლენა რამდენიმე თაობის ცხოვრებას მოიცავს, ის, განსაზღვრებით, რევოლუცია ვერ იქნება. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, თუ რა მდორედ[8] ვითარდებოდა ცივილიზაცია ათასწლეულების მანძილზე, ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მიღწეული ცვლილებები ნამდვილად რევოლუციური იყო.

ინდუსტრიული რევოლუციის, მისი ისტორიის, მიმდინარეობის, მიზეზებისა და შედეგების შესახებ დაწერილი წიგნებით მარტივად შეიძლება საშუალო ზომის ბიბლიოთეკის ავსება. ამიტომ, ამ ყველაფრის მოკლე პოსტში ჩატევა პრაქტიკულად შეუძლებელია[9]. მაგრამ ინდუსტრიული რევოლუცია არის არა მხოლოდ პროგრესი და არა მხოლოდ პროცესი – ინდუსტრიული რევოლუცია არის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს დანადგარები, მეთოდები, ტექნოლოგიები; ინდუსტრიული რევოლუცია ვერ მოხდებოდა გამომგონებლების, ინჟინრების და მექანიკოსების[10] გარეშე და მომდევნო რამდენიმე პოსტი სწორედ მათ მიეძღვნება. ამ პოსტების პოტენციური გმირები ცხოვრობდნენ მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე; მათ შეიტანეს წვლილი ტექსტილის წარმოებაში და რკინიგზებში, ორთქლის ძრავებსა და გზების გაყვანაში, გემთმშენებლობასა და მექანიკური პროცესების დახვეწაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ სად და რას აკეთებდნენ ისინი, ლოს, კანტილიონისა და ფონ ნოიმანის არ იყოს, ისინი საინტერესო ადამიანები იყვნენ.

[1] უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ჩვეული, რვასაათიანი სამუშაო დღე, ესპანეთის მეფის, ფილიპე მეორის იდეა იყო, შორეულ 1593 წელს. არაა გასაკვირი, რომ მაშინ ფეხი დიდად ვერ მოიკიდა…

[2] პანდემია თუ არ შეგვიშლის ამაში ხელს, რა თქმა უნდა.

[3] ქართულ წყაროებში, დაახლოებით თანაბარი სიხშირით, გვხვდება როგორც „სამრეწველო“, ისე „ინდუსტრიული“ რევოლუცია. მე მეორე ვარიანტს გამოვიყენებ.

[4] ევროპაში – XV საუკუნიდან; ზოგი მკვლევარი აკონკრეტებს, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდის ათვლა სწორედ აბრაჰამ დარბის ინოვაციური ბრძმედიდან მოდის, რომელიც იყენებდა კოქსს და არა ხის ნახშირს. 

[5] იგულისხმება ე.წ. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა – ანუ, რამდენად მეტი საქონელი და მომსახურება იწარმოება ქვეყანაში წლიდან წლამდე.

[6] ან დასრულდა კი? ლიტერატურაში უკვე სამი თაობის ინდუსტრიულ რევოლუციებსაც კი ვხვდებით და ერთ-ერთში ვცხოვრობთ კიდეც.

[7] Fossil fuel

[8] გარკვეული ტექნოლოგიური პროგრესი, ცხადია, იყო, მაგრამ ერთ სულზე შემოსავლის კუთხით, მიუხედავად პერიოდული ახტომა-ჩავარდნისა, მეჩვიდმეტე საუკუნის გლეხის ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა ხუფუს პერიოდის ეგვიპტელი გლეხის ცხოვრებისგან.

[9] რაღაც ეტაპზე, ალბათ, ვეცდები, უშუალოდ ინდუსტრიულ რევოლუციას მივუძღვნა პოსტების სერია, რომელიც, კაცმა არ იცის, შეიძლება წიგნადაც იქცეს.

[10] ამ უკანასკნელთა როლი, ხშირად, სრულიად დაუფასებელია ხოლმე…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment