ინჟინერი და მისი სამეფო.

2. შორი გზა მოიარე…

მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში ფრანგული ენის ცოდნა ახალგაზრდა მანდილოსნისთვის[1] აუცილებელ უნარად ითვლებოდა და მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახები ან ფრანგ გუვერნანტ ქალს ქირაობდნენ ხოლმე, გოგონებისთვის, ან თავად ამ უკანასკნელთ აგზავნიდნენ საფრანგეთში ენის სასწავლებლად. უილიამ კინგდომისა და ჯოან სფრაის მე-16 შვილი, აწ უკვე დაობლებული სოფიც, მისმა უფროსმა ძმამ და, ამავდროულად, მეურვემ გაგზავნა საფრანგეთში, ოჯახის მეგობრებთან, მესიე და მადამ ლონგმარებთან ერთად. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, ლონგმარებს აუწყეს მათი ნაცნობების სიკვდილით დასჯის შესახებ და ცოლ-ქმარმაც მარდად მოკურცხლა უკან, მაგრამ სოფი, რომელიც ჩასვლისთანავე მძიმედ ავად გახდა, მათ ვერ გაჰყვა და ის ლონგმარების მეგობარმა, ფრანსუა კარპანტიემ[2] შეიკედლა. პარიზიდან დაბრუნებისთანავე, 1793 წლის 17 იანვარს, მარკი პირველად შეხვდა სოფის და, მიუხედავად მადამ კარპანტიეს აქტიური წინააღმდეგობისა, სულ მალევე ახალგაზრდებს შორის გარკვეული თანხმობა[3] ჩამოყალიბდა. თუმცა, დიდი ხანი არ დასცალდათ – მარკის მიერ პარიზში ატეხილი დიდი აურზაურის ექომ რუანამდეც ჩამოაღწია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, იფიქრა[4] ფრანსუა კარპანტიემ და ჰავრში ამერიკელ ვიცე-კონსულთან გაჩარხა სამოგზაურო პასპორტი მარკისთვის, აშშ-ში გასამგზავრებლად, ვითომდა ფლოტისთვის მარცვლეული შესასყიდად[5]. უთავგადასავლოდ არც აქ გამოვიდა – ჰავრისკენ გამგზავრებული მარკი შუაგზაზე ცხენმა ჯერ გადმოაგდო და, სანამ დარეტიანებული მარკი გონს მოეგო, გაექცა კიდეც. იმის გათვალისწინებით, რომ პარიზიდან მას კვალდაკვალ მოჰყვებოდნენ, ისევ ბედისწერის ამბავი იყო, რომ მალევე ეტლმა ჩაუარა, რომლის მფლობელმა დაიმგზავრა კიდეც ჰავრამდე. თავად მფლობელიც მეტად საინტერესო გამოდგა – გასპარ მონჟი[6], ფრანგი მათემატიკოსი და გეომეტრი, მხაზველობითი და დიფერენციალური გეომეტრიის შემქმნელი, იმ დროს კი საფრანგეთის ფლოტის მინისტრი. საინტერესოა, რომ სწორედ მონჟმა შექმნა ხაზვა – სამგანზომილებიანი ნაწილების ორგანზომილებიან ნახაზებად ასახვის ტექნიკა, რომელიც მას ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინჟინერისთვის და რომელიც თავად მარკმა მნიშვნელოვნად დახვეწა. მონჟმა უვნებლად ჩაიყვანა ის ჰავრში და 1793 წლის 7 ივლისს მარკი, გემ „ლიბერთიზე“, ნიუ იორკისკენ გაემგზავრა.

გემზე მარკს კიდევ ერთხელ გამოადგა მისი სამხატვრო ნიჭი – ცხენიდან გადმოვარდნისას მას ამერიკელი ვიცე-კონსულის მიერ გაცემული პასპორტიც დაუკარგავს და, როდესაც აგვისტოში, „ლიბერთი“ ფრანგულმა ფრეგატმა ინსპექციისთვის გააჩერა, მან ორ საათში მოახერხა ყალბი პასპორტის შექმნა ისე, რომ შემმოწმებლებს ერთი ეჭვი არ გასჩენიათ[7]. ასეა თუ ისე, 1793 წლის 6 სექტემბერს მარკ ბრუნელი ნიუ-იორკში ჩავიდა. ეს არ იყო ის დღევანდელი მეგაპოლისი, რომელსაც წარმოვიდგენთ ხოლმე, მისი მოსახლეობა 1790 წელს მხოლოდ 33,131 ადამიანი იყო[8] მაშინ, როდესაც პარიზში 600,000 ადამიანამდე ცხოვრობდა, ხოლო პაწაწინა რუანშიც კი – 85,000-მდე. ამიტომაც მარკი ნიუ იორკში დიდხანს არ გაჩერებულა, მითუფრო, რომ ჩასვლის დღესვე ფრანგ ჯარისკაცებს გადაეყარა, და მალევე აშშ‑ის იმდროინდელ კულტურულ ცენტრში[9], ფილადელფიაში[10] გაემგზავრა. აქტიური და მუყაითი ბრუნელი უსაქმოდ დიდხანს ვერ დარჩა და, მცირე ხნის შემდეგ, შეუერთდა ორ ფრანგს, ფარუსა და დეჟარდენს[11], ტბა ონტარიოსა და მდინარე ბლექს შორის მიწის დიდი ნაკვეთის ასაზომად[12]. ამ წამოწყების ბედი უცნობია, თუმცა ამ მოგზაურობისას ფრანგები შეხვდნენ მდიდარ ნიუ იორკელ ვაჭარს, ვინმე თურმანს, რომელიც, მოლაპარაკებების შედეგად, დათანხმდა მათ გეგმას შეფასდეს ჰადსონის მდინარესა და შამფლეინის ტბას შორის არხის გაჭრის შესაძლებლობა და, საბოლოოდ, შესაბამისი სამუშაოები დაუფინანსა კიდეც. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი შემდგომში რამდენჯერმე გადავადდა და არხი, საბოლოოდ, მხოლოდ 1823 წელს გაიხსნა, დიდ ინტერესს მარკის ბიოგრაფიისთვის, თითქოს, არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, ბიოგრაფის თქმით, სწორედ ამ პროექტის განხორციელების მსვლელობაში უარყო მარკმა საზღვაო კარიერა და ინჟინერის გზა აირჩია.

ამავე პერიოდში, ბრუნელმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტში სცადა მონაწილეობის მიღება – 1792 წელს თომას ჯეფერსონმა გამოაცხადა კონკურსი აშშ-ის კონგრესის შენობის – კაპიტოლიუმის დიზაინზე. ბრუნელმა ლამის ამერიკაში ჩასვლისთანავე წარადგინა საკუთარი პროექტი, რომელსაც დიდი მოწონება დაუმსახურებია კიდეც, მაგრამ ის დაგვიანებულიც იყო და ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა. საბოლოოდ, გაიმარჯვა უილიამ თორნტონის ასევე დაგვიანებულმა პროექტმა, რომლის მიხედვით აგებული შენობა დღემდე ამშვენებს კაპიტოლიუმის ბორცვს. თუმცა არც ბრუნელის დიზაინი დაკარგულა – ის გახდა საფუძველი 1798 წელს მანჰეტენზე გახსნილი პარკ თეატრისა[13], რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, სანამ 1848 წელს დაიწვებოდა.

Brunel 4

Figure 1. კაპიტოლიუმის ბრუნელისეული პროექტი

Brunel 5

Figure 2 კაპიტოლიუმი დღეს

თეატრის მშენებლობამ საფუძველი ჩაუყარა ბრუნელის, როგორც ინჟინერის და არქიტექტორის რეპუტაციას. 1796 წელს ის ამერიკის მოქალაქეც ხდება და, მალევე, ინიშნება ქალაქ ნიუ იორკის მთავარი ინჟინერის პოსტზე. სამწუხაროდ, დეტალური ინფორმაცია მარკის ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ გადაყვა 1863 წლის გაწვევის საწინააღმდეგო ბუნტს[14].

მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ბრუნელის ამერიკულ პერიოდში, იყო მისი შეხვედრა ალეგზანდერ ჰამილტონთან, 1798 წელს. ხაზინის ყოფილი პირველი მდივანი, ჰამილტონი, ეჭვის თვალით უყურებდა რევოლუციურ საფრანგეთს და ე.წ. აშშ-საფრანგეთის კვაზი-ომში[15] არმიის გენერალ-მაიორი[16] გახდა. შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ინგლისის საზღვაო გამარჯვებებს და, ზოგადად, საზღვაო საქმეს, ბრძოლებსა და გემებს ეხებოდა. შეხვედრაზე დამსწრე კიდევ ერთმა ფრანგმა ემიგრანტმა, პიტერ/პიერ დელაბიგარმა[17], ხაზი გაუსვა პრობლემას, რომელიც წინ დახვდა უილიამი პიტ უმცროსის მთავრობის მცდელობებს გაზარდოს ინგლისის ფლოტი. გასაკვირად[18], ეს იყო ტექნიკურად ერთ-ერთი უმარტივესი მოწყობილობა – ე.წ. ტაკელაჟური ბლოკი[19]. ეს ბლოკები, რომლებიც გემსართავების და ტროსების მართვისთვის და ტვირთამწევი სამუშაოებისთვის გამოიყენება, თითქოსდა არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს მწარმოებლებისთვის, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს თითოეული ბლოკი, ფაქტობრივად, ხელით მზადდებოდა[20], ბლოკების რაიმე ავტომატიზებული წარმოება არ არსებობდა და თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, 74-ზარბაზნიან გემს 1400 ასეთ ბლოკი სჭირდებოდა და ფლოტს კი არაერთი ასეთი გემი და, შესაბამისად, 100,000-მდე ბლოკი წელიწადში – ნათლად დავინახავთ პრობლემის მასშტაბს.

Brunel 6

Figure 3 ტაკელაჟური ბლოკის მაგალითი

ჩვენგან განსხვავებით, ბრუნელმა პრობლემის გადაწყვეტის მეთოდიც დაინახა. რამდენიმე დღის მერე მან ჰამილტონს გაუგზავნა ბლოკების მექანიკური წარმოებისთვის საჭირო დანადგარების სკეტჩები[21] და აღფრთოვანებულმა ჰამილტონმა დაარწმუნა ბრუნელი, რომ ის უნდა წასულიყო ინგლისში და ხორცი შეესხა ამ სკეტჩებისთვის. რათა ფრანგს ინგლისში პრობლემები არ შექმნოდა[22], ჰამილტონმა გაატანა ბრუნელს სარეკომენდაციო წერილი გრაფ სპენსერთან[23], უილიამ პიტის მთავრობის საზღვაო მინისტრთან.

მარკს დიდად არც სჭირდებოდა დარწმუნება ინგლისში გამგზავრების აუცილებლობაში. მთელი ეს პერიოდი ის არ წყვეტდა მიმოწერას სოფი კინგდომთან და ინგლისში გამგზავრება სოფის ნახვასაც ნიშნავდა.

ჩვენ ხომ სოფი საფრანგეთში დავტოვეთ? – იკითხავს დაკვირვებული მკითხველი და მართალიც იქნება. თუმცა, მარკის არყოფნისას, სოფის არანაკლები თავგადასავლები გადახდა თავს. მოგეხსენებათ, 1793 წლის 21 იანვარს ლუი კაპეტს უკანასკნელი სიტყვაც არ დასცალდა, ისე მოჰკვეთეს თავი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ინგლისის დამოკიდებულება რევოლუციური საფრანგეთის მიმართ – ის ანტიფრანგულ ალიანს შეუერთდა და, შესაბამისად, საფრანგეთში მყოფი ყველა ინგლისელი ავტომატურად მტრად იქცა. 1793 წლის სექტემბერში დაიწყო დიდი ტერორი, ხოლო ოქტომბერში რევოლუციურმა საბჭომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქვეყანაში მცხოვრები ყველა ინგლისელი გამოცხადდა ჯაშუშად და უნდა დაპატიმრებულიყო. რაღა თქმა უნდა, 18 წლის ინგლისელი გოგონა ჯაშუშობის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა და სოფი კინგდომი დააპატიმრეს და თავი გრაველინის მონაზონთა კონვენტში უკრეს. ამას არაფერი საერთო ჰქონდა მის სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვასთან, უბრალოდ, ახლო-მახლო არსებული ყველა ციხე უკვე სავსე იყო. შეიძლება ითქვას, სოფი ყოველდღე ელოდა კონვენტის ეზოშივე განლაგებულ გილიოტინაზე მოკლე გასეირნებას, მითუფრო, რომ საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მიჰყავდათ იქ უწყვეტი ნაკადით ხალხის მორიგი მტრები.

Brunel 7

Figure 4 სოფი ბრუნელი – სავარაუდოდ, დახატულია მარკის მიერ

რობესპიერის ტერორი საფრანგეთში 325 დღეს გაგრძელდა და მრავალი ათასი ადამიანი შეიწირა[24]. რევოლუციამ სატურნივით შთანთქა თავის შვილები[25] და, საბოლოო ჯამში, არც რობესპიერი გადაურჩა გამოგონებას, რომელსაც სულ ტყუილად მიაწერენ ჟოზეფ იგნას გილიოტენს. 1794 წლის 28 ივლისს „მოუსყიდველი“ შეუერთდა თავის ყოფილ მეგობრებს დანტონს, დემულენსა და სხვებს, ხოლო გრაველინის კონვენტის კარი გაიღო და, სხვებთან ერთად, სოფი კინგდომიც კვლავ თავისუფალი მოქალაქე აღმოჩნდა. ის დაბრუნდა კარპანტიეების[26] ოჯახში, სადაც მას მოუარეს, გამოაჯანმრთელეს და 1795 წელს უზრუნველყვეს მისი დაბრუნება ინგლისში, უფროსი ძმის ოჯახში. 1799 წლის 7 თებერვალს მარკ ბრუნელი გემით „ჰალიფაქსი“ ტოვებს ამერიკას და ინგლისს მიეშურება. მან უნდა ჯერ იპოვოს სოფი და შემდეგ კი წარადგინოს საკუთარი ნახაზები სამხედრო-საზღვაო სამინისტროს.

[1] მომიტევეთ სექსიზმი, მეთვრამეტე საუკუნეა, მაინც.

[2] მერე კიდე იტყვით, ბედისწერა არ არსებობსო…

[3] ინგლისურში არის ამ მდგომარეობს აღმწერი კარგი ტერმინი, რომელიც ზუსტად ვერ ვთარგმნე – understanding.

[4] ფრანგულად

[5] თორემ, მოუწევდა მექსიკით…

[6] Gaspard Monge

[7] თუ ეს ამბავი ცოტა დაუჯერებელი გეჩვენათ, გაითვალისწინეთ, რომ იმდროინდელი პასპორტებს, შესაძლოა, უბრალოდ სარეკომენდაციო წერილის სახელი ჰქონოდა; ამჟამინდელ ბიომეტრულ, ჰოლოგრამიან და დაცულ დოკუმენტებთან მათ არაფერი საერთო აქვთ.

[8] აშშ-ის 1790 აღწერის შედეგებით; ამ მწირი მოსახლეობითაც, ნიუ იორკი ყველაზე დიდ ამერიკულ ქალაქს წარმოადგენდა.

[9] და უკვე დედაქალაქში, რომელიც ფილადელფიაში 1790 წელს სწორედ ნიუ-იორკიდან გადაიტანეს.

[10] ბეგასტი წერს, რომ ფილადელფიაში უფროსი ბრუნელი მომავალ სახელმორჭმულ მედროვე მინისტრს შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორსაც შეხვდა, თუმცა, რამდენადაც გავარკვიე, ტალეირანი ფილადელფიაში მხოლოდ 1794 წელს ჩავიდა, ბრუნელი კი იმ დროს უკვე სხვაგან იყო.

[11] Pharoux, Desjardins

[12] დაახლოებით იმავე მიზნით, ჩვენთან ბოლო დროს მიწას რომ ყოფენ ნაკვეთებად – მიგრანტებზე გასაყიდად.

[13] Park Theatre

[14] New York City draft riots; სამოქალაქო ომში ჩრდილოეთს მხარეს მებრძოლები დააკლდა და გამოცხადებულმა სამწლიანმა გაწვევამ მნიშვნელოვანი პროტესტი გამოიწვია. გამოსვლები გადაიზარდა ბუნტში, რომლის დროსაც არაერთი სამთავრობო შენობა დაიწვა და, შედეგად, ბევრი ოფიციალური ჩანაწერი და დოკუმენტი დაიკარგა.

[15] Quasi-War, ომი, რომელიც ფორმალური გამოცხადების გარეშე მიმდინარეობდა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკისა და აშშ-ს საზღვაო ძალებს შორის.

[16] Major General – აშშ-ის ჯარებში ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობა მშვიდობიან პერიოდში.

[17] Delabigarre

[18] ყოველ შემთხვევაში, პირველად რომ აღმოვაჩინე, ნამდვილად გამიკვირდა.

[19] მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ცალსახა თარგმანი ტერმინისა pulley block ვერ ვნახე, ჩემ მიერ არჩეული ვარიანტი, მგონი, აღწერით მაინც შეესაბამება სინამდვილეს.

[20] მონოპოლია წარმოებაზე ეკუთვნოდა ფოქსის და ტეილორს ქარხანას საუთჰემპტონში (Southampton factory of Fox & Taylor), რომელშიც მუშაობდა 110 მაღალკვალიფიციური ხელოსანი, მაგრამ წარმოების პროცესი ძალიან მოძველებული და ნელი გახლდათ.

[21] საინჟინრო საქმის ისტორიკოსისა და მწერლის, ტომ როლტის სიტყვებით, ეს სკეტჩები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩდა ბრიტანეთის ინჟინერიისთვის, ვიდრე თავად მექანიზმები, რომლებსაც ისინი ასახავდნენ – ეს იყო საინჟინრო, მექანიკური ხაზვის პირველი მაგალითი ბრიტანეთში.

[22] წარმოიდგინეთ, საქართველოში მტრულად განწყობილი ქვეყნიდან ვინმე რომ ჩამ… ანდა, არა, ნუ წარმოიდგენთ.

[23] ეს გრაფი სპენსერი გახლდათ ლედი დაიანას შორეული წინაპარი, სხვათა შორის. ლორდი და ლედი სპენსერები ბრუნელების ერთგული მეგობრები გამოდგნენ.

[24] რა თქმა უნდა, როგორც 1793 წლის 5 სექტემბრამდე, ისე 1794 წლის 27 ივლისის მერე გილიოტინები აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ ტერორს, როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდს უწოდებენ.

[25] როგორც თქვა ჟაკ მალე დიუ პანმა.

[26] თავად ფრანსუაც ცოტა ხანი ციხეში აღმოჩნდა, სოფის დახმარების მცდელობებისა და „ჯაშუშის“ შეკედლებისთვის.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment