პრაღა: ლუდი მეოთხე – სტაროპრამენი

„რა? სად? როდის?“[1] თამაშსა და კლუბს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ უჭირავს, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს – მალე 30 წელი იქნება, რაც სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და მოინტელექტუალო თამაშებს ვთამაშობ და მათში რსრ, უდავოდ, პირველ ადგილზეა. ერთი დიდი პლუსი რსრ-ს მეტ-ნაკლებად კარგად თამაშისა არის უამრავი ტურნირი, რომელიც სხვადასხვა ადგილას ტარდება და რომლებშიც მონაწილეობა, უმეტესწილად, მხოლოდ გუნდის ფინანსურ შესაძლებლობებზე ან სპონსორის პოვნის უნარზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საქართველოს გარეთ გასვლები შედარებით იშვიათი იყო და, ძირითადად, საქართველოს ნაკრების ეგიდით ხდებოდა. მაგრამ, გამონაკლისებიც ყოფილა და ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იყო ანაზდად შეკრებილი გუნდის მონაწილეობა პრაღაში, ჩეხეთის რსრ კლუბის ღია საერთაშორისო ტურნირზე „ბროლის გოლემი“, 2018 წელს.

სანამ თავად ტურნირზე და შესაბამის ლუდზე გადავალ, ტურნირის დასახელება ცალკე ექსკურსს მოითხოვს – მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა და ცნება „გოლემი“ ჯერ კიდევ თალმუდში გვხვდება[2], და სხვადასხვა დროს თიხის ჰალკის[3] შექმნის შესახებ ცნებები გვხვდება ანდალუსიაში, გერმანიასა და პოლონეთში, გოლემი ყოველთვის იქნება ასოცირებული პრაღასთან. შუა საუკუნეების ტერმინატორის შესახებ ყველაზე ცნობილი ლეგენდა, უკავშირდება რეალურ და ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს – რაბი იეჰუდა ლებ ბენ ბეცალელს ან, უბრალოდ, მაჰარალს – მეთექვსმეტე საუკუნის ერთ-ერთ ყველა საინტერესო და გამოჩენილ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს, რომელიც წლების მანძილზე პრაღის მთავარი რაბინი იყო. ხიდების მშენებელი ოლაფის[4] არ იყოს, ადამიანი, რომელიც პირადად იცნობდა და რჩევებსაც აძლევდა იმპერატორ რუდოლფ მეორეს[5], ფილოსოფოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მაგალითად, რელიგიური და მეცნიერული ცოდნის განცალკევების საკითხში, რაბინი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჰასიდიზმსა და თალმუდის შესწავლაზე, ძირითადად ცნობილია ლეგენდით, რომელშიც თიხის სათამაშო[6] გააცოცხლა.

ლეგენდა გვამცნობს, რომ იმ პერიოდში პრაღის ებრაული მოსახლეობა მუდმივად იჩაგრებოდა და ანტისემიტური პოგრომები საკმაოდ ხშირი ყოფილა. პრაღის გეტოს დასაცავად მაჰარალმა ვლტავის ნაპირების თიხისგან შექმნა ვეებერთელა ფიგურა, მის ცარიელ შუბლში ჩადო ფურცელი, რომელზეც უფლის ერთ-ერთი სახელი ეწერა[7] და ამ ფურცელმა ფიგურა გააცოცხლა[8]. გოლემს ერქვა იოზეფი და ყოველ პარასკევ საღამოს მაჰარალი შემს ამოიღებდა ხოლმე, რათა შაბათის დღე დაეცვა. ლეგენდის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველა მათგანში, რაღაც მიზეზის გამო, გოლემი გაშლეგდება და სისხლიან ორომტრიალს მოაწყობს ქალაქში და მხოლოდ მაჰარალის მიერ შემის ამოღება გადაარჩენს პრაღას. გოლემის უსიცოცხლო სხეული ძველი ახალი სინაგოგის[9] სხვენში გადაიტანეს და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გაცოცხლება ყოველთვის შესაძლებელია[10].

prague4_1

Figure 1. პრაღის გოლემის ქანდაკება. წყარო – Wikimedia Commons

დონ ჟუანის დარად ვერა, მაგრამ გოლემზეც საკმაოდ ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები, კინო- თუ ტელეფილმი და ერთი ოპერაც კი დაიწერა. ჩემთვის ყველაზე საყვარელ ვერსიად რჩება გოლემები ტერი პრეტჩეტის „დისკოს სამყაროში“[11], თუმცა ყველაზე ცნობილი, სავარაუდოდ, არის 1915 წელს გამოცემული გუსტავ მაირინკის „გოლემი“. მაჰარალის არ იყოს, მაირინკიც მხოლოდ „გოლემითაა“ ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ვენაში დაბადებული პრაღელი წერდა რომანებს, დრამებს, იყო „ოქროს რიჟრაჟის ჰერმეტული ორდენის“ წევრი, თეოსოფური საზოგადოების წევრი, მუშაობდა ბანკში და საკმაოდ ნაყოფიერი მთარგმნელიც გახლდათ. მაირინკის გოლემი გაცილებით უფრო მისტიკური და იდუმალია, ვიდრე მაჰარალის თიხის გოლიათი; მთავარი გმირი თავის ზმანებებში თავს გოლემად აღიქვამს, რომელიც პრაღაში 33 წელიწადში ერთხელ ჩნდება ხოლმე. ასეა, თუ ისე, გოლემი პრაღის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქალაქში ბევრი რამ სწორედ გოლემთან ასოცირდება – რესტორნები, სასტუმროები, სუვენირები და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ყბების პატრონიც კი[12], ჩეხი რენე რიხტერი, ასევე, გოლემის სახელითაა ცნობილი.

არაა გასაკვირი, რომ ამხელა გოლემანიის ფონზე, პრაღის საერთაშორისო რსრ ჩემპიონატიც გოლემის, ოღონდ – ბროლის გოლემის სახელს ატარებს. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ 2018 წელს ბროლის გოლემის გათამაშებაზე ჩავედით. რა თქმა უნდა, სპორტული ინტერესი, როგორც ხშირად ხდებოდა, როდესაც სათამაშოდ საერთაშორისო ტურნირებზე მივდიოდით, მინიმალური იყო. მთავარი იყო პრაღა და, განსაკუთრებით, თამაშების ჩატარების ადგილი – სტაროპრამენის ლუდსახარში.

სტაროპრამენი არა მხოლოდ ყველაზე მსხვილია პრაღის 40-ზე მეტ ლუდსახარშს შორის, ის ქალაქის ერთადერთი ინდუსტრიული ლუდსახარშია და თუ სხვა ქალაქებში ამგვარი მასშტაბური წარმოება ქალაქგარეთ არის ხოლმე გატანილი, სტაროპრამენის ქარხანა პრაღის ცენტრში, სმიხოვში მდებარეობს და სტუმრებისთვისაც ღიაა. სწორედ სტუმრების „სივრცეში“ ტარდება ხოლმე „ბროლის გოლემი“ და ჩვენი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო შედეგები ამ ტურნირზე, რაღა თქმა უნდა წყაროს[13] სათავეებთან სიახლოვის ბრალია[14]. მაგრამ, მოვეშვათ რსრ-ს და ვისაუბროთ ლუდზე.

prague4_2

Figure 2: სტაროპრამენის კათხა (წყარო: Wikimedia Commons).

სტაროპრამენი შედარებით ახალგაზრდა ლუდსახარშია. თუკი „უ ფლეკუ“ 1499 წლიდან, ხოლო კრუშოვიცე – 1581 წლიდან იღებს სათავეს, სტაროპრამენის ისტორია იწყება 1868 წელს, როდესაც გადაწყდა სააქციო საზოგადოების „სმიხოვის ლუდსახარშის“ შექმნა. 1871 წელს კი, სტაროპრამენის ლუდის პირველი პარტია გაიყიდა. 1880 ლუდის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას მერე, რაც ლუდსახარშს ეწვია იმპერატორი ფრანც იოზეფ მეორე და სამახსოვრო წიგნში ლუდის მაქებარი ჩანაწერი, ყველასთვის მოულოდნელად ჩეხურად გააკეთა. 1911 წელს, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, ლუდსახარშის ერთგვარი რებრენდინგი მოხდა ერთ-ერთი ახალი ბრენდი სწორედ სტაროპრამენი იყო[15]. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს უკვალოდ არ ჩაუვლია, თუმცა 1946 წელს სტაროპრამენი ფენიქსივით აღდგა[16], თუმცა ნაციონალიზაციის მარწუხებში აღმოჩნდა მომდევნო 46 წლის მანძილზე. დღეს სტაროპრამენი სიდიდით მეორე ლუდსახარშია ჩეხეთში, პილზნერ ურქველის შემდეგ, და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩეხურ ლუდს წარმოადგენს[17].

თუ გახსოვთ, ჩემი პირველი ვიზიტი ჩეხეთში გიორგი მოსიძესთან ერთად იყო. სტაროპრამენი კი პირველი ლუდი იყო, რომელიც ამ მოგზაურობისას დავლიეთ – სანამ მე სასტუმროს რესეფშენზე პასპორტის/ნომრის ამბებს ვაგვარებდი, გიორგიმ გვერდზე მაღაზიაში სტაროპრამენის ე.წ. სიქსფექი[18], ექვსბოთლიანი შეკვრა, რომელიც მალევე დავცალეთ. დამერწმუნეთ, ჯერ თვითმფრინავით, შემდეგ კი ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობის მერე სამ ბოთლ ცივ ლუდზე უკეთესი არაფერია.

სტაროპრამენი დანამდვილებით არ არის საუკეთესო ჩეხური ლუდი, თუმცა კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ეს არც არის გასაკვირი. რამდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, დანარჩენებში სტაროპრამენი უდავოდ პირველ ადგილებზე იქნებოდა. მაგრამ მისი ქარხნის ნახვის შესაძლებლობა, იქვე მოხარშული ლუდის დალევის და პარალელურად X-ის სამი, ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული სიტყვით დასახელებაზე ფიქრი[19] წარმოუდგენელი სიამოვნებაა. მაშინაც კი, როდესაც X-ს ვერ დაასახელებ. მითუფრო, რომ შესვენებაზე ქარხანაშივე შეგიძლია გემრიელად ჭამო, კიდევ დააყოლო ლუდი და ტურნირის მეორე ნახევარს სრულიად მოუმზადებელი შეხვდე.

prague4_3

Figure 3: უბრალოდ, მაგალითი იმისა, თუ რა შეგიძლიათ დააყოლოთ სტაროპრამენს

როგორც ვთქვი, ჩვენი სატურნირო წარმატება აღნიშვნას არ იმსახურებს. ინდივიდუალურ ტურნირში თამაშში Jeopardy კი, მეორე ადგილი დავიკავე და ამაში სტაროპრამენს ბრალი არ უძღვის ნამდვილად[20].

[1] შემდგომში – რსრ, ეს ყველაფერი ყოველ ჯერზე რომ არ ვკრიფო

[2] ადამი, ფაქტობრივად, გოლემია.

[3] ფორმალურად, უფრო ტერმინატორი, მაგრამ ფიზიკურად უფრო ჰალკს წააგავს.

[4] სინამდვილეში, სწორედ ხიდების მშენებლად არ შემორჩენილა ისტორიას, მაგრამ დავიცვათ ცენზურა.

[5] მიუხედავად ალქიმიისა და ოკულტიზმის სიყვარულისა, საღვთო რომის იმპერიის ეს იმპერატორი მეცნიერებისა და ხელოვნების ნამდვილი მფარველი იყო; მის კარზე, ალქიმიკოს ჯონ დისა და ედვარდ კელისთან ერთად, მოღვაწეობდნენ ტიჰო ბრაჰე, იოჰან კეპლერი, ჯუზეპე არჩიმბოლდო და სხვები.

[6] კარგი, შევთანხმდეთ, რომ გოლემი უფრო მეტია, ვიდრე თიხის ვეებერთელა სათამაშო, რათა მაჰარალი უბრალოდ პაპა კარლოს აფგრეიდი არ გამოვიდეს.

[7] ასეთ ფურცელს შემი ეწოდება.

[8] სხვა ვერსიით, გოლემს შუბლზე აწერია „ემეტ“ – ანუ ჭეშმარიტება – და მისი მოკვლა შესაძელებელია პირველი ასოს წაშლით, რადგან რჩება მხოლოდ „მეტ“ – მკვდარი.

[9] ზუსტად ასე ჰქვია ევროპის ყველაზე ძველ მოქმედ სინაგოგას. ჩვენ – წელი, მათ – სინაგოგა.

[10] ერთგვარი მეფე ართური.

[11] რომლის წაკითხვას, ტრადიციულად, ყველას და ყოველთვის ვურჩევ, მიუხედავად ასაკისა თუ გემოვნებისა .

[12] გინესის რეკორდების წიგნს თუ დავუჯერებთ

[13] სტაროპრამენი „ძველ წყაროს“ ნიშნავს.

[14] იურგენ კლოპი დამემოწმება, გამართლების მოძებნა ყოველთვისაა შესაძლებელი, სურვილი იყოს…

[15] ოფიციალურად ლუდსახარშს Pivovary Staropramen მხოლოდ 2003 წელს დაერქვა.

[16] თუ აღსდგა?

[17] მოგეხსენებათ, სტაროპრამენი, ლიცენზიით, საქართველოშიც იხარშება.

[18] Sixpack; რა ნიშანდობლივია, რომ ასეთი სიქსფექი მეორენაირი სიქსფექის მტერია…

[19] როგორც უილიამ პეტი იტყოდა – Verbum sapienti…

[20] უ ფლეკუში გავატარე 2 საათი ფინალამდე…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment