ინჟინერი და მისი სამეფო.

  1. მამა და შვილი

2003 წელი იქნებოდა, ინტერნეტი ინტერნეტს ჯერ არ ჰგავდა, ახალი ამბები, ჭეშმარიტიც და ყალბიც, ჯერ არ ვრცელდებოდა სინათლის სიჩქარით[1] და ამიტომ ზუსტად არც მახსოვს, სად გადავაწყდი BBC-ს გამოკითხვის შედეგებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო 100 ყველაზე დიდი ბრიტანელი. პირველი ათეულიდან 9 სავსებით პროგნოზირებადი იყო[2] – ჩერჩილი, შექსპირი, დარვინი, ნიუტონი… მაგრამ ადამიანის სახელი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, მეორე ადგილზე აღმოჩნდა, პირველად გავიგე[3]. ჩერჩილის დამსახურებული პირველი ადგილის მერე მოდიოდა „ვიღაც“ იზამბარდ კინგდომ ბრუნელი – როგორც გუგლვის[4] შედეგმა მამცნო, გამოჩენილი ინჟინერი. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება უბრალო ინჟინერი უსწრებდეს შექსპირს ან დარვინს პოპულარობასა ან მნიშვნელობაში, ამიტომ ჩაძიება გადავწყვიტე.

Brunel 1

1. იზამბარდ კინგდომ ბრუნელი, 1857

დღეს, წლების მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბრუნელის შექსპირზე წინ დაყენებას მაინც არ ვეთანხმები, შემიძლია ვთქვა, რომ ბრუნელის ათეულში და ხუთეულში ყოფნა სრულიად დამსახურებულია. ის იყო ყველაზე სახელგანთქმული ინჟინერი იმ პერიოდში, როდესაც ბრიტანელი ინჟინრები თანამედროვე ბრიტანეთს და მსოფლიოს ქმნიდნენ. მისი ხიდები, გვირაბები და რკინიგზები[5] დღემდე ამშვენებს ინგლისს და არამხოლოდ ამშვენებს, არამედ აქტიურად გამოიყენება კიდეც. ყირიმის ომისას მან შექმნა პირველი საველე ჰოსპიტალი, სრულიად შეცვალა გემების დიზაინი და მსოფლიო, რომელიც მისი დაბადებისას აგურს, ხე-ტყესა და ცხენებს ეკუთვნოდა, მისი გარდაცვალებისთვის იყო ფოლადის, ორთქლის ძრავის და ბეტონის საკუთრება. და ამ რადიკალურ ტრანსფორმაციაში ბრუნელის წვლილი განუზომელია. მას არ შეუქმნია ეს ყველაფერი და არც ყველა მისი პროექტი ყოფილა უპირობოდ წარმატებული, მაგრამ იზამბარდ კინგდომ ბრუნელი ყველა ამ ცვლილების ავანგარდში იყო. რობინ ჯონსის თქმით, ბრუნელი იყო კატალიზატორი, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციას სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად; ის იყო ბმა აღმოჩენების და გამოგონების დიდებულ ერასა და თანამედროვე მსოფლიოს შორის.

იზამბარდ კინგდომ ბრუნელი დაიბადა 1806 წლის 9 აპრილს, სოფია კინგდომისა და მარკ იზამბარ[6] ბრუნელის ოჯახში… თუმცა, არა, უფრო სწორი იქნება უმცროსი ბრუნელის ისტორია უფროსის მოკლე ბიოგრაფიით დავიწყოთ, მითუფრო, რომ ეს ბიოგრაფია, კანტილიონის ან ლოს მსგავსად, ჰოლივუდის ბლოკბასტერს წააგავს – მასში არის საზღვაო მოგზაურობა, რევოლუცია, გილიოტინისგან თავის დაღწევა, ბედნიერ დასასრულიანი სასიყვარულო ისტორია, ხანგრძლივი ცხოვრება, წარმატებული კარიერა და გენიოსი პირმშო.

Brunel 22. მარკ იზამბარ ბრუნელი, 1836 წელი

მაშ ასე[7]: მარკ იზამბარ ბრუნელი დაიბადა 1769 წლის 25 აპრილს რუანის მახლობლად, სოფელ აკვილში[8]. მისი მშობლები იყვნენ მდიდარი ფერმერი ჟან შარლ ბრუნელი და მისი მეორე ცოლი, მარი ვიქტორია ლეფევრი. მიუხედავად ამისა, ის ოჯახში მეორე ვაჟი იყო და მამამისს, ტრადიიცისამებრ, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ტრადიციის დაცვა: ფერმა, მისი სიკვდილის შემდეგ, რჩებოდა უფროს ვაჟს, შარლ ანჟს, ხოლო მარკი მღვდლის კარიერას უნდა გაჰყოლოდა. ამიტომაც, მარკის აღზრდაში აქცენტი კლასიკურ განათლებაზე კეთდებოდა, რომელიც ბავშვს დიდად არ ეპიტნავებოდა და ამიტომ ხშირადაც ისჯებოდა ხოლმე. დასჯის მეთოდი ფიზიკური არ ყოფილა – ჟან შარლი, უბრალოდ, გამოკეტავდა ხოლმე მარკს მოღუშულ ოთახში, რომლის კედლებიდან წინაპრები და გამოჩენილი ფრანგები მარკს საყვედურით უცქერდნენ. ერთხელაც მარკმა განსაკუთრებით პირქუში პორტრეტის თვალები ჯიბის დანით ამოჭრა და, პრაქტიკულად მეორე დღეს, თავი ქალაქ ჟიზორის კოლეჯში ამოყო, სადაც სამი წელი დაჰყო. კოლეჯში ის გამოირჩეოდა მათემატიკის და ხატვის სიყვარულით და ლათინურისა და ბერძნულისადმი, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილობით. ამასთანავე, უყვარდა მუსიკა და დურგლობითაც კი იყო დაინტერესებული. 10 წლის ასაკში მარკმა, რომელმაც უკვე ისწავლა ფლეიტაზე დაკვრა, შეისწავლა კლავესინის მოწყობილობა და შექმნა მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ერთდროულად ამ ორი ინსტრუმენტის ხმას გამოსცემდა. კაცმა რომ თქვას, ნებისმიერი მამისთვის შვილის ნიჭის ასეთი გამოვლინება საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟან შარლი ჯიუტად თავისას ერეკებოდა და 11 წლის მარკს თავი რუანის წმინდა ნიკასიუსის[9] სემინარიაში უკრა.

Brunel 33. აკვილში შესვლისას ეს აბრა გვხვდება.

იმის მაგივრად, რომ, როგორც ყველა მომავალ კიურეს შეეფერება, თავი ძველბერძნულისა და ლათინურის სწავლით გაერთო, ის, ძირითადად, რუანში სეირნობდა, სადაც ტოპოგრაფიულ ჩანახატებსა და შენობების ესკიზებს აკეთებდა. უკვე ამ ასაკში ჩანდა მისი უნარი, ჩაკირკიტებოდა დეტალებს და ეგრევე დაენახა მნიშვნელოვანი[10]. ერთხელ, სანაპიროზე სეირნობისას, მან დაინახა რკინის ორი ვეებერთელა ცილინდრი, რომელიც ინგლისიდან ჩამოტანილი მექანიკური ტუმბოს ნაწილები აღმოჩნდა. რომ გავიზრდები – გამოაცხადა მარკმა – ამ ქვეყანას აუცილებლად ვნახავ[11].

მამისგან განსხვავებით, რუანის სემინარიის დირექტორი მალევე მიხვდა, რომ მათემატიკით და გამოგონებებით დაინტერესებული ბავშვისგან კარგი[12] მღვდელი არ გამოვიდოდა და, როდესაც მარკმა საკუთარი ქუდი გაყიდა რაღაც სადურგლო ინსტრუმენტის საყიდლად, დირექტორმა ჟან შარლს ამცნო, რომ მარკის სემინარიაში ყოფნა დროის ფუჭად კარგვაა. საბოლოო ჯამში, მამამისიც მიხვდა საკუთარი მცდელობების ამაოებას და 13 წლის ასაკში მარკი გაუშვეს საცხოვრებლად რუანშივე მის უფროს ბიძაშვილთან[13] და მის ქმართან, ყოფილ საზღვაო კაპიტან ფრანსუა კარპანტიესთან. ამ რამდენიმეწლიანი სტუმრობისას მარკის მასწავლებელი გახდა ვენსან ფრანსუა ჟან ნოელ დიულაგი[14] – ჰიდროგრაფიის პროფესორი, ასტრონომი და ნავიგაციის სახელმძღვანელოების ცნობილი ავტორი. მარკის ცხოვრების შემდეგი რამდენიმე წლის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. ცნობილია, რომ 16 წლის ასაკში, დიდი ალბათობით, დიულაგის ხელშეწყობით[15], ის ხდება კადეტი ახალთახალ ფრეგატზე „მარშალი კასტრი“[16], რომელზეც შვიდი წელი დაჰყო. ამ მოგზაურობებისას მან შექმნა ოქტანტი[17], რომლის სიზუსტე იმ დროს გამოყენებული ხელსაწყოებისას აღემატებოდა და 1790 წელს გვადელუპაში შექმნა ყავის გამოსამარცვლი დანადგარი. სამწუხაროდ, არც ერთი ხელსაწყო ჩვენამდე არ მოსულა. სამაგიეროდ, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ამერიკულ პორტებში ხშირი სტუმრობისას, მან ინგლისური ისწავლა[18].

1791 წლის ბოლოსთვის „მარშალ კასტრის“ მოგზაურობა დასრულდა და 1792 წლის იანვარში გემიც და მარკიც რუანში დაბრუნდნენ, სადაც მათ სულ სხვა სიტუაცია, რეჟიმი და ქვეყანა დახვდათ. 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში აბსოლუტური მონარქია შეიცვალა კონსტიტუციურით – საფრანგეთის მეფე ლუი XVI დაემორჩილა[19] ხალხის მოთხოვნას დაემტკიცებინა კონსტიტუცია და ოფიციალურად გახდა „ფრანგების მეფე“. რაღაც პერიოდი რუანს ეს ცვლილებები დიდად არ უგრძვნია. საფრანგეთის სიდიდითა და მნიშვნელობით მეოთხე პორტი მშვიდად განაგრძობდა საქმიანობას, როგორც ინგლისიდან იმპორტისა და ინგლისში ექსპორტის მნიშვნელოვანი[20] ჰაბი. მარკიც დაბრუნდა თავის მასპინძლებთან. მათ მსგავსად, ისიც როიალისტი იყო და 1792 წლის აგვისტოში მოქალაქე ლუი კაპეტის დაპატიმრება, ხოლო სექტემბერში – მონარქიის გაუქმება, მისთვის მნიშვნელოვანი შოკი იყო. 1793 წლის იანვარში მარკი და ფრანსუა კარპანტიე პარიზში ჩავიდნენ და 16 იანვარს, მეფის სიკვდილით დასჯის ვერდიქტის გამოტანამდე საათებით ადრე, ფიცხი და თავშეუკავებელი მარკი ერთ-ერთ კაფეში საჯარო სიტყვით გამოვიდა, სადაც შეეცადა შეკრებილთათვის თვალი აეხილა არქიფ… რობესპიერის გაუმართლებელ სისასტიკესა და დანაშაულებებზე, გამოსვლის ბოლოს კი მოუსყიდველის[21] გარდაუვალი დაცემაც იწინასწარმეტყველა. თუთაშხიასი არ იყოს, ეს არ აღმოჩნდა მაინცდამაინც წინდახედული და ჭკვიანური საქციელი – მარკმა და ფრანსუამ ძლივს გაასწრეს განრისხებულ ბრბოს და მეორე დილასვე რუანისკენ მოკურცხლეს. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად განაპირობა მარკის შემდგომი ცხოვრება, თუმცა მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დაახლოებით თვენახევრით ადრე მოხდა – 1792 წლის 4 დეკემბერს ჰავრში პორტსმუთიდან ფრანგულის შესასწავლად ჩავიდა 16 წლის ობოლი ინგლისელი გოგო, სოფი კინგდომი.

[1] პედანტებისთვის – ადამიანიდან ადამიანამდე არ მოგზაურობდა ისე სწრაფად, როგორც დღეს.

[2] თუმცაღა მაინც მტკიცედ მჯერა, რომ პრინცესა დაიანას მესამე ადგილი მხოლოდ მისი რამდენიმე წლის წინანდელი ტრაგიკული დაღუპვის შედეგია და მისი ნიუტონზე და შექსპირზე წინ დაყენება სასაცილოა.

[3] არადა მაშინაც ანგლოფილი მეგონა თავი.

[4] ინტერნეტი ინტერნეტს კი არ ჰგავდა, მაგრამ 2002 წლიდან მოყოლებული სიტყვა google უკვე ზმნად გამოიყენება. განსაკუთრებით ნერდებს (ჩემსავით) გაუხარდებათ, რომ პირველად ეს მოხდა სერიალში Buffy the Vampire Slayer.

[5] თუნდაც, ლიანდის სიგანის ცვლილებით.

[6] ორივე შემთხვევაში ეს საკუთარი სახელი იწერება, როგორც Isambard (თუმცა უფროსი ბრუნელი კი, მოინათლა, როგორც Isambart, თავად შემდგომში იყენებდა ზემოაღნიშნულ ვარიანტს), მაგრამ უფროსი ბრუნელი ფრანგი იყო და ფრანგებს, მოგეხსენებათ, აქვთ ბოლო (რამდენიმე) ასოს არ-წაკითხვის ტრადიცია.

[7] მარკის მინი-ბიოგრაფია, იზამბარდის დაბადებამდე, ეფუძნება ჰაროლდ ბეგასტის წიგნს „უფრო დიდი გენიოსი?“ (Harold Bagust, “The Greater Genius?”). იზამბარდის დაბადების შემდეგ აქცენტი ძირითადად მასზე გადავა, თუმცა, რადგან მამა-შვილი აქტიურად თანამშრომლობდნენ, მარკის ცხოვრებასაც დეტალურად გავყვებით, უფრო მეტი წყაროს გამოყენებით.

[8] Hacqueville

[9] Saint Nicaise, რეიმსის მეთერთმეტე ეპისკოპოსი, ყვავილის მსხვერპლთა მფარველი წმინდანი, ვანდალების (ნამდვილი, არა მეტაფორული) მსხვერპლი და მარტვილი.

[10] ერთხელ, უკვე 1820-იან წლებში, მარკმა ნახა შარლ ნავიეს მიერ სენაზე მშენებარე დაკიდული ხიდის ესკიზი და გამოაცხადა – ამ ხიდზე გასვლას არ გარისკავდით, თუ, რა თქმა უნდა, წყალში ჩახტომა არ გენდომებოდათ. რამდენიმე დღის მერე ხიდი ჩაიმტვრა.

[11] როგორც იტყვიან, ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი.

[12] ან, საერთოდაც რამენაირი

[13] ან დეიდაშვილთან. ან მამიდაშვილთან. ინგლისური cousin სამარცხვინოდ მოკლებულია კონტექსტს…

[14] Vincent Francois Jean Noel Dulague. უყვართ ფრანგებს ბევრი სახელის დარქმევა…

[15] სხვამხრივ, წარმოუდგენელია, იმდროინდელ საფრანგეთში ფერმერის შვილი ოფიცრის კარიერას დასდგომოდა.

[16] Marechal de Castries

[17] სანავიგაციო ინსტრუმენტი, რომელიც კუთხეებისა და ციური სხეულების ჰორიზონტთან მიმართებაში მდებარეობის გასაზომად გამოიყენება.

[18] უცნობია, რამდენად კარგად, მაგრამ გაქცეულ ბრიტანელს, სავარაუდოდ, დააბრუნებდა.

[19] იმის გათვალისწინებით, რომ ვერსალის გარეთ 20,000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა და ზოგი სასახლეშიც კი შევარდა და დაცვის რამდენიმე წევრი მოკლა, დამორჩილება დიდად რთული არ ყოფილა.

[20] ჰავრთან ერთად

[21] რობესპიერის ეპითეტი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment