უილიამ პეტი – გელთა აღმწერელი (ნაწილი მეხუთე).

სოციალური მეცნიერების სათავეებში.

პეტის „მოსაზრებების“ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს ერთგვარი ღია წერილი ვინმე M.H.-ს[1],  რომელიც, შინაარსიდან გამომდინარე, მისი ჯერ კიდევ ოქსფორდის დროინდელი მეგობარი უნდა იყოს. წერილში პეტი უარყოფს ყველა ბრალდებას და, ამასთან, ცდილობს ახსნას მისი მოტივაცია Down Survey-სთან დაკავშირებით. სწორედ აქ ვხვდებით ერთ ნიშანდობლივ ფრაზას: „ამით მე ვეცადე გამეფართოებინა ჩემი ექსპერიმენტების საქმიანობა სხეულებიდან გონებებამდე, პირველთა მოძრაობიდან მეორეთა ზნეებამდე, რათა გამეგო ვნებები ისევე, როგორც ფერმენტაციები“[2]. აქ უკვე ჩანს, რომ პეტის ინტერესები მედიცინისა და საბუნებისმეტყველო ფილოსოფიიდან სოციალურ სამყაროში გადადის. რთული სათქმელია, შეგნებული იყო თუ არა ეს ცვლილება – ესმოდა, რომ საბუნებისმეტყველო სფეროში მის თანამედროვეებს ვერ გაეჯიბრებოდა და ამიტომ თამამად ისეთი სფერო არჩია, სადაც არც წინამორბედი ეყოლებოდა და არც კონკურენტი? სავარაუდოდ, ეს პეტისთვისაც ზედმეტი წინდახედულება იქნებოდა და მასზე გავლენა ირლანდიის აღწერამ და ამ აღწერის დროს დაგროვებულმა გამოცდილებამ იქონია. ასეა თუ ისე, პეტი, ლონდონში დაბრუნების მერე, ახერხებს კონტაქტების აღდგენას ძველ ნაცნობ-მეგობრებთან, ახლებსაც იძენს და 1660 წლის ნოემბერში, გრიშემის კოლეჯის ჯგუფის წევრი ხდება – ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით მიიღებს სამეფო ქარტიას და საბუნებისმეტყველო ცოდნის გაუმჯობესების ლონდონის სამეფო საზოგადოება გახდება. ამ ჯგუფის ძირითადი მიზანი იყო „ექსპერიმენტული ფილოსოფიის ხელშეწყობა“ – განსხვავებით მისი კონტინენტური ანალოგებისგან[3], სადაც უფრო ჰუმანიზმი და ფილოლოგია აინტერესებდათ[4].

სამეფო საზოგადოების სამეცნიერო „პორტფოლიოს“ შექმნაში პეტიმ საკმაო წვლილი შეიტანა. მას ეკუთვნის წერილები ტანსაცმლით/ნაჭრით ვაჭრობის ისტორიაზე, ნაჭრის ღებვის ისტორიაზე[5], ზამბარების ელასტიკურობაზე, ქანქარების ვიბრაციაზე, რუების ნაკადებზე და მის ყველაზე დიდ გატაცებაზე, ეკონომიკის გარეთ – გემთმშენებლობაზე[6]. ნაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა მისთვის ეკონომიკური ძალაუფლების წანამღძვარი იყო, თუმცა, როგორც ყოფილ მეზღვაურს, მას გემთმშენებლობის პრაქტიკული ასპექტებიც აინტერესებდა – იმდენად, რომ პირველი ევროპული კატამარანი, ორკორპუსიანი გემი შექმნა[7]. მისი აზრით, ეს „ორძირიანი“, როგორც თავად უწოდებდა[8], გემი, შესაძლოა, ინგლისის საიდუმლო იარაღი ყოფილიყო ნიდერლანდებთან ომებში. მან რამდენიმე პროტოტიპი შექმნა – პირველმა მოიგო სამეფო საზოგადოების პრიზი მინი-რეგატაში გამარჯვებისთვის, მეორემ, 30 ტონა წყალწყვის ორგემბანიანმა გემმა, მოიგო 50 ფუნტიანი ნიძლავი, გაასწრო რა დუბლინსა და ჰოლიჰედს შორის მარშრუტზე მეფის ყველაზე სწრაფ გემს. სამწუხაროდ, შემდგომი კატამარანი, მეტად ზუსტი სახელით „ექსპერიმენტი“ წარუმატებელი გამოდგა[9], წარუმატებლობას თან დაერთო კონსერვატორი ინგლისელების მხრიდან უცნაური დიზაინის აბუჩად აგდება[10] და 1684 წელს, პეტის მეოთხე გემის, „მთავარანგელოზ მიქაელის“ სრული ფიასკოს შემდეგ, უკვე ასაკში შესული სერ უილიამი შეეგუა, რომ ეს მისი ჰობი, რომელსაც აღწერდა, როგორც „მოსვენებას და განმუხტვას“ სამუდამოდ ჰობიდ დარჩებოდა[11].

12121212121212უილიამ პეტის ორძირიანი ხომალდი. წყარო: Wikipedia Commons

ეკონომიკის ისტორიის ვეება ტომებში უილიამ პეტის გატაცება ხომალდებით ოდენ სქოლიო თუა. სულ სხვაა მისი ეკონომიკა – თუ ირლანდიის აღწერაზე მუშაობამ ჩაუყარა საფუძველი მის დაინტერესებას ქვეყნის სოციალურ მოწყობაში, აღწერის შედეგად ქვეყნის პოლიტიკურ[12] ცხოვრებაში გარევამ დაარწმუნა, რომ საჭიროა პოლიტიკის[13] რეფორმა, ხოლო სამეფო საზოგადოების წევრობამ და გავლენამ კი პეტისგან შექმნა მეცნიერი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი.

თუმცა, პეტი არ იყო პირველი, ვინც გამოაქვეყნა ნაშრომი იმ თემებზე, რასაც დღეს სოციალურ მეცნიერებებს ვუწოდებთ. ეს პატივი ეკუთვნის პეტის ადრე ნახსენებ მეგობარ ჯონ გრონტს, რომელმაც 1662 წლის იანვარში გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი სტატისტიკურ დემოგრაფიაზე – „საბუნებისმეტყველო და პოლიტიკური დაკვირვებები სიკვდილიანობის ანგარიშების შესახებ“[14]. ეს წიგნი ეფუძნება საეკლესიო რეგისტრატორების მიერ დაახლოებით 70 წლის მანძილზე საკმაოდ სკრუპულოზურად წარმოებულ ე.წ. სიკვდილიანობის ანგარიშებს – ანგარიშებს, რომლებიც ყოველკვირეულად იბეჭდებოდა და მოიცავდა ინფორმაციას სხვადასხვა სამრევლო უბანში[15] ქორწინებათა, ნათლობებისა და გარდაცვლილთა რაოდენობისა და გარდაცვალების მიზეზების შესახებ. გრონტმა დეტალურად შეისწავლა ათიათასობით ანგარიში და მისი წიგნი წარმოადგენს პირველ დეტალურ სტატისტიკურ ანგარიშს. მეტიც, რადგან ის მოსახლეობას აღწერს, ის პირველი დემოგრაფია, ხოლო რადგან სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვალების მიზეზებს ცალ-ცალკე აღრიცხავს – პირველი ეპიდემიოლოგიც[16]. შეიძლება დავეთანხმოთ ტედ მაკკორმიკს, რომლის აზრით „დაკვირვებებმა“ იგივე როლი ითამაშა მოსახლეობის აღრიცხვაში, რაც Down Survey-მ – მიწისაში.

საბოლოო ჯამში, წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად დიდი გავლენა მოახდინა პეტიზე, რომ ზოგიერთი ბიოგრაფი უშუალოდ პეტის მიაწერს მას. ჯონ გრონტის ცხოვრების ბოლო წლები საკმაოდ უბედური იყო[17] და უსინდისობა იქნება მისთვის ამ წიგნის ავტორობის წართმევა, თუმცა პეტის მონაწილეობა მის დაწერაში უდავოა. მეტიც, უმეტესობა მკვლევრებისა შეთანხმებულია იმაზე, რომ წიგნის დასკვნა თითქმის დანამდვილებით პეტის ეკუთვნის – „პატიოსანი, უვნებელი პოლიტიკის[18] საფუძველი… არის, გვესმოდეს [სამართავი] ტერიტორიის მიწები და მუშები[19]… ვასკვნი, რომ, ამდენად, ყველა ამ დეტალის ცოდნა აუცილებელია, რომ გვყავდეს კარგი… მთავრობა“. პეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პოლიტიკა ეფუძნებოდეს მონაცემებს, ფაქტებს, გაზომვებს და სტატისტიკას – პეტი თვლის, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი „უნივერსალური რეფორმა, იმისა, რაც მთავრობაში დრომ დაააფრაკა“.

სწორედ ამ რეფორმისკენ მოწოდებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პეტის პირველი ეკონომიკური ნაშრომი – „ტრაქტატი გადასახადების შესახებ“[20], რომელიც, ოდნავ მოგვიანებით, იმავე, 1662 წელს გამოიცა. ეს ტრაქტატი, რომელსაც, ხშირად, პეტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად თვლიან, გარდა თეორიული ხასიათისა – როგორ უნდა იყოს ოპტიმალური გადასახადი, რაზე უნდა იხარჯებოდეს და ა.შ., პრაქტიკულსაც ატარებს, არის რა ერთგვარი რჩევების კრებული ორმონდის ჰერცოგისადმი, რომელიც სწორედ იმ პერიოდში მიემგზავრება ირლანდიაში ლორდ ლეიტენანტად. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს დაყოფა „მემარცხენეებსა“ და „მემარჯვენეებს“ შორის[21], რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკის ლანდშაფტს განსაზღვრავს, პეტის ტრაქტატი როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მოსაწონ არგუმენტებს შეიცავს. ვენსან დე გურნეიმდე ერთი საუკუნით ადრე ის მოუწოდებს ეკონომიკაში ჩაურევლობისკენ – vadere sicut vult[22]. ის, ასევე, იყენებს თავის სამედიცინო გამოცდილებას და დასძენს – „როგორც უფრო ბრძენი ექიმები არ ერევიან ზედმეტად თავისი პაციენტების მდგომარეობაში და უფრო აკვირდებიან და არ ეწინააღმდეგებიან ბუნების მიმდინარეობას… იგივე უნდა იყოს პოლიტიკასა და ოკონომიკაში[23]“ – ჰაიეკი იამაყებდა.  მეორე მხრივ, მისთვის სავსებით დასაშვებია და, ზოგ შემთხვევაში, რეკომენდებულიცაა სახელმწიფო ჩარევა. უნივერსიტეტები, მაგალითად, რომლებიც უმეტესად „კონკრეტული ადამიანების შემოწირულობით“ ფინანსდება, უნდა გახდეს საჯარო დაფინანსების ბენეფიციარი, თუკი შესაძლებელი იქნება მათი რეფორმა „ბუნების აღმოჩენისთვის“. უნივერსიტეტები მისთვის საჯარო ხარჯების ერთ-ერთი ნაწილია – სხვებს შორისაა თავდაცვა, ადმინისტრირება, ეკლესია, სკოლები, ღარიბების დახმარება და ინფრასტრუქტურა. მისი აზრით, სახელმწიფო შემოსავლების დაბალი დონე კომბინაციაა „ფულის სიმწირის[24]“, „ხალხის, განსაკუთრებით მშრომელებისა და ხელოსნების ნაკლებობის“ და, ასევე „რიცხვების, ხალხის სიმდიდრისა და ვაჭრობის უცოდინრობისა“; ეს უკანასკნელი ლაიტმოტივად გასდევს არა მხოლოდ ამ ტრაქტატს, არამედ პეტის შემდგომ ნაშრომებსაც: ერის პრობლემები მმართველთა და მართულთა მცდარი წარმოდგენების შედეგია – და უპირველესად ეს არის მცდარი წარმოდგენები რიცხვების, მონაცემების შესახებ[25]. პრობლემას მათემატიკისა და მონაცემების სწორად აღრიცხვის სწავლება გადაწყვეტს[26]. მიწებისა და მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა საწყისი წერტილი, ათვლის სათავეა ქვეყნის სწორად მართვისთვის. პეტი გრონტის „დაკვირვებებსაც“ ახსენებს – როდესაც ცდილობს დაადგინოს, თუ როგორია თითოეული პროფესიის „სწორი“ წილი მოსახლეობაში. ის ექიმებით იწყებს – სიკვდილიანობის გრონტის მიერ დამუშავებული ანგარიშები საკმარის ინფორმაციას აძლევს სამაგისოდ – შემდეგ კი, ამატებს ვაჭრებს და სხვა პროფესიებს. საბოლოოდ, ის ამგვარ განაწილებას იღებს:

საკვების მწარმოებლები 100
ექსპორტიორები 200
ორნამენტების, სიამოვნებისა და ბრწყინვალების შემქმნელები[27] 400
მმართველები, მოძღვრები, იურისტები, ექიმები, ვაჭრები 200
ზედმეტი ადამიანები[28] 100

მისი აზრით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული 100 ადამიანი საკმარის საკვებს აწარმოებს, 1000-ს რომ ეყოს, მაგრამ როგორ მივაწოდოთ ეს საკვები უმუშევრებს? იმათხოვრონ, მოიპარონ, თუ შიმშილით მოკვდნენ, როდესაც მათხოვრობა შედეგს არ გამოიღებს ან სიკვდილით დაისაჯონ, როდესაც ქურდობისთვის დასჯიან? პეტის აზრით, არა, უმუშევრები სახელმწიფომ დასაქმებით უნდა უზრუნველყოს – რასაც ორმაგი ეფექტი ექნება. პირველ რიგში, ამგვარად დასაქმებულები შეინარჩუნებენ თავიანთ ცოდნას და უნარებს და, რაღაც ეტაპზე, შეძლებენ ალტერნატიულ, უფრო მომგებიან სექტორში გადასვლას. ამასთან – და ეს პეტის მიკერძოებულობაზეც მიუთითებს – დასაქმებული ადამიანი ფულს დახარჯავს, შექმნის დამატებით მოთხოვნას, მათ შორის ირლანდიურ საქონელზეც და პეტის მსგავსი ირლანდიელი მიწათმფლობელების საგადასახადო ტვირთსაც შეამცირებს. რაც განსაკუთრებით საინტერესოა, პეტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საჯარო პროექტებში დასაქმდებიან უმუშევრები – „არ აქვს მნიშვნელობა, დავასაქმებთ მათ იმისთვის, რომ უსარგებლო პირამიდა ავაშენოთ სოლსბერის დაბლობზე, სტოუნჰენჯის ქვები გადავზიდოთ თაუერის ბორცვზე, თუ მსგავსი საქმიანობით დავაკავოთ“. ამჯერად უკვე კეინსი იამაყებდა[29].

აქ ჩანს, რომ პეტისთვის გადასახადები არ აღარიბებს მოსახლეობას – საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხარჯები ფულს ისევ და ისევ მოსახლეობას უბრუნებს. ამასთან, როგორც უმუშევრობის შემთხვევაში, პეტი წინასწარმეტყველებს კეინსიანურ მულტიპლიკატორს – როდესაც დახარჯული ფული ისევ და ისევ იხარჯება – მეფემ გადასახადები შეიძლება გართობასა და ტრიუმფალურ თაღებზე დახარჯოს, მაგრამ ამით ის ფულს უხდის ხელოსნებს, რომლებიც შემდგომ ამავე ფულს ხარჯავენ ლუდზე, პურზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, და ეს პროცესი უწყვეტია. თუმცა პეტისთვის მნიშვნელოვანია გადასახადების ისე დაკისრება, რომ ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა მინიმალური იყოს. ამისთვის კი, პეტის აზრით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ფული უნდა იყოს – როგორც ფართინგების[30] გარკვეული რაოდენობაა საჭირო ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, რაკიღა ყველანაირ მცირე ხარჯს ვერცხლით ვერ გაწევ[31], ისევეა ფულის გარკვეული მასა საჭირო ქვეყანაში, რომ საქონლისა და მომსახურების ყიდვა და გადასახადების გადახდაც შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

გარდა ბიზნესში ჩარევის პრობლემისა, გადასახადებთან დაკავშირებული მეორე საკითხი იყო სამართლიანი და ეფექტიანი გადასახადები. იმხანად ინგლისში საკმაოდ ბევრი გადასახადი იყო, როგორც არაპირდაპირი – ტარიფები, აქციზი, ლიცენზირების ხარჯები და მოსაკრებლები, ისე პირდაპირი – ე.წ. სუბსიდია, ანუ ქონების ფიქსირებული გადასახადი და მიწის გადასახადი ანუ Assessment, რომელიც გულისხმობდა წინასწარ გათვლილი შესაგროვებელი სამიზნე მაჩვენებლის განაწილებას მოსახლეობაზე. სწორედ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ადარდებდა პეტის, რადგან ის, მისი აზრით, არაპროპორციულად მძიმედ აწვებოდა მიწათმფლობელებს. ამ გადასახადის განხილვისას პეტი საფუძველს უყრის ორ ცნებას, რომლებიც შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე დომინირებს ეკონომიკაში: ღირებულების თეორიას[32] და ე.წ. ზედმეტ ღირებულებას[33], რომელსაც შემდგომში კარლ მარქსი აქტიურად გამოიყენებს კაპიტალიზმის კრიტიკაში. მისთვის საქონლის ღირებულებას განსაზღვრავს როგორც სამუშაო ძალა, ისე მიწა – „შრომა მამაა… ხოლო მიწა – დედა დოვლათისა“. სწორედ ეს ზედმეტი ღირებულება – ის, რითაც სამუშაო ძალისა და მიწის ერთობლივი წარმოება გადაფარავს მათზე გაწეულ ხარჯებს – აძლევს საშუალებას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულს გამოკვებოს სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული ადამიანები. ამასთან, მისი აზრით, გადასახადები სწორედ ამ ზედმეტი ღირებულების  გადანაწილებას წარმოადგენს და მათი გადახდა ნატურითაც უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა, ის თვლის, რომ გადასახადები შემოსავლების კი არა, ხარჯების პროპორციული უნდა იყოს – რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იბეგრებოდეს მოხმარება. ამის მიღწევას პეტი აქციზური გადასახადით, კერძოდ კი ბუხრისა და კერის გადასახადით[34] გეგმავდა.

ტრაქტატში ის სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავს. საუკუნეში, როდესაც მერკანტილიზმი[35] სუფევდა, პეტი ეთანხმება ექსპორტის წახალისების (რაც, იმ დროს, ექსპორტის გადასახადების შემცირებას უფრო გულისხმობდა, ვიდრე რაიმე სხვას) პოლიტიკას, თუმცა ეწინააღმდეგება იმპორტის შეზღუდვას, თუნდაც ადგილობრივი ინდუსტრიის დასახმარებლად. ისევ, სახელმწიფო ჩარევისა და laissez-faire-ის უცნაური ნაზავი. იმის ნაცვლად, რომ ავუკრძალოთ ჰოლანდიელებს ინგლისში იმპორტის შემოტანა, წერს ის, ჩვენი ყველაზე ნიჭიერი ხალხი გავაგზავნოთ ნიდერლანდებში, რათა მათი ხელობა ისწავლონ. ამით მიღწეული, პეტის აზრით, იქნება ბუნებრივი და, ამდენად, სწორი, განსხვავებით ხელოვნური სავაჭრო ბარიერებისა, რომლებიც არაბუნებრივი და არასწორია. აქ ის არა იმდენად ეკონომისტია, არამედ უფრო საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის ბეკონიანელი მიმდევარი. ამას ისიც ადასტურებს, რომ ტრაქტატის მანძილზე ის არაერთხელ აკეთებს აქცენტს ემპირიული მონაცემების შეგროვების აუცილებლობაზე: „სანამ ეს [მონაცემების შეგროვება და შესაბამისი გამოთვლები] არ გაკეთდება, ვაჭრობაზე[36] ფიქრი ნებისმიერი ადამიანისთვის მხოლოდ ვარაუდზე იქნება დაფუძნებული.“ ის უარყოფს ყველაფერს, რაც, მისი აზრით, არაბუნებრივია – პირველ რიგში ეს ფულის დეგრადაციაა[37], “ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო იძირება“. იგივე ეხება კანონებს მევახშეობის შესახებ – საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვას. მისი აზრით ეს არის მცდელობა „სამოქალაქო კანონები შეეწინააღმდეგოს ბუნების კანონებს“[38].

ამდენად, პეტი პირველი იყო, ვისთვისაც ეკონომიკური პოლიტიკა მეცნიერული კვლევის საკითხი გახდა. თუკი შესაძლებელი იქნება ჩამოყალიბება იმ გაზომვადი ცნებების, რომლებიც ეკონომიკის წარმატებით მართვისთვისაა საჭირო და შესაბამისი მონაცემების შეგროვება – ისევე, როგორც ექიმები ჰკურნავენ ადამიანს, პოლიტიკოსებიც განკურნავენ ეკონომიკურ სხეულს. ეს ალეგორია – იშვიათი რამ, რაც მისი სამედიცინო კარიერიდან შერჩა – მის ყველა ეკონომიკურ ნაშრომში გვხვდება.

თუკი „ტრაქტატი გადასახადების შესახებ“ პეტის, როგორც მსხვილი მიწათმფლობელის, ინტერესებს უკავშირდებოდა, მისი შემდეგი ეკონომიკური ნაწარმოები ასევე აქტუალური საკითხის გარშემო ტრიალებდა. 1664 წელს დაიწყო მეორე ანგლო-ჰოლანდიური ომი და უილიამ პეტი, რომელიც ხვდება, რომ ომი მის მსგავს მდიდრებს დააწვება, წერს (თუმცა არ აქვეყნებს) მოკლე წიგნს Verbum Sapienti – “სიტყვა[ც საკმარისია] ბრძენისთვის“. მოკლე, 24-გვერდიანი წიგნი, რომლის ძირითადი მიზანი იყო, დაერწმუნებინა მთავრობა/მეფე, რომ მხოლოდ მიწათმფლობელების დაბეგვრა არასწორი და არაეფექტიანია, სინამდვილეში მაკროეკონომიკის შორეული წინაპარი გამოდგა.

[1] ამ უკანასკნელის წერილის საპასუხოდ, რომელშიც ეს უცნობი ჯგუფელი ეკითხება, აქვს თუ არა საფუძველი სენქის ბრალდებებს.

[2] „I hoped hereby to enlarge my Trade of Experiments from Bodies to Mindes, from the motions of the one, to the manners of the other, thereby to have understood passions as well as fermentations“. იმხანად ეს უკანასკნელი სიტყვა ფერმენტაციასაც (ქიმიურ პროცესს) ნიშნავდა ისევე, როგორც მღელვარებას, აღგზნებას, თუმცა კონტექსტიდან ცხადია, რომ პეტი ამ სიტყვას საბუნებისმეტყველო კონტექსტში იყენებს.

[3] საინტერესოა, რომ ოცი წლის მერე პეტიმ სამეფო საზოგადოების დუბლინური ანალოგიც – Dublin Philosophical Society დააარსა.

[4] ანუ, ლაპარაკი საქმის ნაცვლად.

[5] ტყუილად ხომ არ ყოფილა ნაჭრის გამყიდვლის შვილი.

[6] არც იუნგა იყო ტყუილად.

[7] ჩარლზ მეორესთან მისი პირველი საუბარი გემთმშენებლობასაც ეხებოდა.

[8] Double-bottom

[9] 1665 წლის გაზაფხულზე ის ბისკაის ყურეში, შტორმისას ჩაიძირა. პეტის მოკრძალებული შენიშვნა, რომ იმავე შტორმს ჩვეულებრივი გემების მთელი ფლოტი (70 გემი!) შეეწირა არავინ იღო ყურად.

[10] დუბლინში ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოაცხადა, რომ „კაი ამინდში კიდე შეიძლება, მაგრამ ქარიშხალს ეს გემი ვერ გაუძლებს“. რა დიდი მოსატანია ეს ციტატა, თუ არა ის ფაქტი, რომ მის ავტორს უინსტონ ჩერჩილი ერქვა. დიდი მხედართმთავრის, ჯონ ჩერჩილის, მარლბოროს პირველი ჰერცოგის მამა და ყველამ რომ იცის, იმ უინსტონ ჩერჩილის პირდაპირი წინაპარი რომ არ მეხსენებინა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი.

[11] ისიც უნდა ითქვას, რომ მისი გემების ძირითადი სისუსტე იყო ხის ბიმსები, რომლებიც კორპუსების გადაბმას უზრუნველყოფდა; დღევანდელი ტექნოლოგიის პირობებში პეტის გემი ნამდვილად წარმატებული იქნებოდა.

[12] Politics

[13] Policy. ეკონომისტის თვალსაზრისით, ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლოვანება ამ ორი სიტყვის ერთში აღრევაა.

[14] Natural and Political Observations Made Upon the Bills of Mortality

[15] Parish უშუალოდ მრევლსაც ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან, ეს უფრო კრებითი სახელია, რომელიც მთლიანად ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს ნიშნავს, ბრიტანეთში კი, ტერიტორიულ ერთეულს აღნიშნავს, რომელიც იმავდროულად ერთი მოძღვრის სამწყსოს წარმოადგენს.

[16] ეს პატარა წიგნი, სრულიად განმაცვიფრებელია და ცალკე ვრცელ პოსტსაც იმსახურებს. ერთს ვიტყვი – გრონტი 1662 წელს ისე ოსტატურად ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს, ბარე ორი ვერ იზამს დღეს ექსელით.

[17] სიცოცხლის ბოლოს ღრმად რელიგიური გრონტი კათოლიკე გახდა, რაც იმდროინდელ ლონდონში, ავტომატურად ყველა ოფიციალურ ტიტულსა თუ პრივილეგიაზე უარის თქმას ნიშნავდა; მისი და პეტის საერთ სახლი, მოგეხსენებათ, ლონდონის დიდ ხანძარში დაიწვა; 1674 წელს, გაკოტრებული და ღარიბი, გრონტი გარდაიცვალა. ინგლისელებს აქვთ გამოთქმა – to add insult to injury. სწორედ ეს არის რობერტ საუთველის მიერ გრონტის აღწერა ერთ-ერთ წერილში – ის იყო „ჯუჯა, რომელიც სპილოზე იყო ამხედრებული“. სპილო, რა თქმა უნდა, იყო უილიამ პეტი. პარალელები ნიუტონის (სინამდვილეში კი ბერტრან შარტრელის) ცნობილ გამონათქვამთან – შორს იმიტომ ვხედავ, რომ გოლიათების მხრებზე ვდგავარ – ცალკე აღნიშვნას საჭიროებს.

[18] Policy

[19] ორიგინალში – land(s) and hands. Faciant meliora potentes

[20] ტრაქტატის განხილვა ეფუძნება როგორც თავად ტრაქტატს, რომელიც აქ არის ხელმისაწვდომი, ისე ტედ მაკკორმიკის წიგნში მოყვანილ ტრაქტატის დეტალურ გარჩევას.

[21] მოგეხსენებათ, ეს დაყოფა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან მოდის, როდესაც ეროვნულ ასამბლეაში მეფის მომხრეები თავმჯდომარისგან მარჯვნივ, ხოლო რევოლუციის მომხრეები კი, მარცხნივ ისხდნენ.

[22] შინაარსობრივად ეს, პრაქტიკულად, იგივეა, რაც „laissez-faire” – მიუშვი ნებაზე.

[23] სწორედ ასე – Oconomicks. ამ ძველბერძნული სიტყვიდან (Οἰκονομικός), რომელიც „ოჯახის მართვას“ ნიშნავს, მოდის დღევანდელი ტერმინი „ეკონომიკა“ და ეს არის ამ სიტყვის პირველი გამოყენება ინგლისურენოვან ლიტერატურაში.

[24] ნახევარი საუკუნის მერე ამ პრობლემას ჯონ ლოც მიაქცევს ყურადღებას – და თავისებურად გადაჭრის კიდეც.

[25] სხვა მცდარ წარმოდგენებში (beliefs) პეტი აღნიშნავს უფლებებსა და რელიგიას. ვინ იფიქრებდა…

[26] პარალელები თანამედროვე საქართველოსთან იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

[27] Employed in the ornaments, pleasure, and magnificence of the whole – „კულტურის მუშაკები“

[28] Supernumeraries – ჩვენი გაგებით, უმუშევრები

[29] კეინსისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ როგორ დაასაქმებდა სახელმწიფო უმუშევრებს – მთავარი დასაქმება, მათი შემოსავალი და ე.წ. მულტიპლიკატორის ეფექტი იყო.

[30] ¼ პენი

[31] სხვათა შორის, ხურდა ფულის პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საუკუნეების მანძილზე. იხ. Sargent, Thomas J., and François R. Velde. The big problem of small change. Princeton University Press, 2014.

[32] პეტი არ იყო პირველი, რომელმაც დასვა კითხვა, თუ რა არის საქონლის ობიექტური ღირებულება, თუმცა, ალბათ, პირველი იყო, ვინც ჩამოყალიბებული სახე მისცა პასუხს ამ კითხვაზე. უფრო ვრცლად აქ.

[33] Surplus value

[34] Hearth tax

[35] მოძღვრება, რომლის მიხედვით, ქვეყნის დოვლათს და სიძლიერეს დადებითი სავაჭრო ბალანსი განაპირობებს, შესაბამისად ექსპორტი მაქსიმალური, ხოლო იმპორტი – მინიმალური უნდა იყოს.

[36] შეგახსენებთ, რომ Trade იმ დროს პრაქტიკულად იმავე მნიშვნელობით გამოიყენებოდა, რაც ეკონომიკა – დღეს.

[37] Debasement

[38] საინტერესოა, რომ კიდევ ერთი არაბუნებრივი პოლიტიკა, რომელსაც პეტი დეტალურად განიხილავს ტრაქტატში, იყო რელიგიური თავისუფლების აკრძალვა.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment