ფული, რომელიც ხეზე იზრდება

1295 წელს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მდიდარი ვაჭრების ოჯახი ვენეციაში დაბრუნდა. სავაჭრო რესპუბლიკისთვის ეს არავითარ განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენდა – ვენეციელი ვაჭრები წელიწადში ასობით ადგილს სტუმრობდნენ, მდიდრდებოდნენ და უკანაც ბრუნდებოდნენ. მაგრამ მომდევნო წელს ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი – მარკო – ჩავარდა ტყვედ გენუასთან ომის დროს. მან სამი წელი დაჰყო საპყრობილეში, სადაც, უსაქმურობისგან მოწყენილი, უყვებოდა მეორე პატიმარს, რუსტიკელო და პიზას, ამბებს ჩინეთის შესახებ. რუსტიკელომ შეაგროვა ეს ამბები, დაამატა საკუთარიც და რაც გამოვიდა, დღეს ცნობილია, როგორც „წიგნი სამყაროს სასწაულების შესახებ“, რომელიც აღწერს მარკო პოლოს მოგზაურობას ჩინეთში.

ბუნებრივია, რომ თანამედროვეები მარკო პოლოს მატყუარად თვლიდნენ – წიგნში ბევრი დაუჯერებელი ამბავი წერია, რომელთაგან ყველაზე უფრო დაუჯერებელი იყო მეორე წიგნის 24‑ე თავი. მასში მარკო პოლო დიდ ყაენს [1] ალქიმიკოსს უწოდებს, რადგან მას შეუძლია თუთის ხისგან დაამზადოს ქაღალდი, დაჭრას ნაწილებად, ყველა ნაწილი საკუთარი ბეჭდით მონიშნოს და მიღებულ ნაჭრებს ისეთივე ღირებულება მიანიჭოს, რაც ოქროსა და ვერცხლის მონეტებს – ვენეციაში. სრულიად ლოგიკურია, რომ ვენეციელებმა არ დაუჯერეს მარკო პოლოს – დეკრეტული ფული, ფული, რომლის ღირებულება მხოლოდ მთავრობის ან ხელისუფალის მიერ იქმნება, ევროპაში მხოლოდ საუკუნეების მერე გაჩნდება.

ჩინეთში ქაღალდის ფული მარკო პოლომდე გაცილებით ადრე გაჩნდა. ჩინეთის იმპერატორების ადრეული ექსპერიმენტებს თუ არ ჩავთვლით, ქაღალდის ფული მასობრივ ხმარებაში შემოვიდა სიჩუანის პროვინციაში, სუნის დინასტიის დროს – იმ პერიოდში, რომელსაც ზოგჯერ ჩინურ რენესანსს უწოდებენ. სუნის ეპოქაში, სიჩუანი, რომელიც დღეს უფრო კეთილი ხალხითა და ცხარე საჭმლით არის ცნობილი, სასაზღვრო პროვინციას წარმოადგენდა. ის აქტიურად ვაჭრობდა (და, ზოგჯერ, ომობდა) მოსაზღვრე რეგიონებთან და მმართველ დინასტიას დიდად არ მოსწონდა ძვირფასი ბრინჯაოს[2] გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებით, სიჩუანის მაცხოვრებლები იყენებდნენ რკინის ფულს.

რკინას ისევე, როგორც ნებისმიერ ლითონს, გააჩნია შინაგანი ღირებულება, ამიტომ მისგან დამზადებული მონეტები არ იყო დეკრეტული ფული. მაგრამ ეს იყო ძალიან იაფი ფული – დედაქალაქიდან ჩამოსულ ვაჭარს შეეძლო 50 გრამი ვერცხლი საშუალო ადამიანის წონა რკინაში გადაეცვალა. შესაბამისად, რკინის ფული გადახდის ძალიან მოუხერხებელი საშუალება იყო და საჭირო გახდა ალტერნატივის მოძიება.

როგორც ხშირად ხდება, სტრუქტურული ცვლილება შოკმა გამოიწვია. ჩვენი წელთაღრიცხვის 993 წელს სიჩუანში დაიწყო აჯანყება სუნის დინასტიის წინააღმდეგ. აჯანყებულებმა დაიკავეს პროვინციის დედაქალაქი ჩენდუ, რასაც, სხვა პრობლემებთან ერთად, ზარაფხანების დახურვაც მოჰყვა. დაიწყო მონეტარული კრიზისი და ადგილობრივმა ვაჭრებმა, საპასუხოდ, დაიწყეს ქაღალდის ვექსილების გამოშვება. სავარაუდოდ, ეს ვექსილები ვაჭრების კუთვნილი ნაღდი ფულით, ოქროთი, ვერცხლით ან აბრეშუმით იყო უზრუნველყოფილი. ამ ვექსილებს ჯიაოზის უწოდებდნენ და თავდაპირველად ისინი მხოლოდ ვაჭრების მიერ საკუთარი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა. მაგრამ მალევე ჯიაოზიებმა ბრუნვა დაიწყო – თუ მე მივყიდე პატივცემულ და სანდო ვაჭარ ლაო ძის[3] საქონელი და მას სანაცვლოდ ჯიაოზი გამოვართვი, მე თავისუფლად შემიძლია გამოვიყენო იგივე ჯიაოზი მომდევნო ტრანზაქციაში ისე, რომ არ მივიდე ლაო ძისთან და არ გამოვართვა ჩემი კუთვნილი რკინა/ოქრო/ვერცხლი. 1970 წლის ირლანდიელების მსგავსად, ერთადერთი, რაც სიჩუანის მაცხოვრებლებს სჭირდებოდა ტრანზაქციის განსახორციელებლად, იყო ნდობა – ამ შემთხვევაში ნდობა, რომ ლაო ძი, რომლის ხელმოწერაც ამშვენებს ჯიაოზის, გადახდისუნარიანი და პატიოსანი ადამიანია და დროის ნებისმიერ მომენტში მზადაა უზრუნველყოს მისი ხელმოწერა მისსავე ქონებით.

შედეგად ყველა ბედნიერია: მე, ვისაც არ მჭირდება მძიმე რკინის ან მსუბუქი, მაგრამ ადვილად დაკარგვადი ოქროს თრევა, ჩემი სავაჭრო პარტნიორი – იმავე მიზეზით და, ყველაზე უფრო, თავად ლაო ძი, რომლისგანაც არავინ ითხოვს რკინის იქნება თუ ოქროს დაბრუნებას მანამ, სანამ ყველა თვლის, რომ სანდოა. პრაქტიკულად, ლაო ძის აქვს აღებული უპროცენტო სესხი, რომლის დაბრუნებას მას არავინ სთხოვს.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ სახელმწიფომ, როგორც სჩვევია ხოლმე, დაიწყო ინოვაციის რეგულირება. მხოლოდ 16 ოჯახს მიეცა უფლება გამოეშვა ჯიაოზი, რომლებიც უნდა ყოფილიყო სტანდარტიზებული ზომის, ფერის და ფორმატის, თუმცა ვაჭრები საკუთარი ბეჭდით და ჭვირნიშნის ანალოგებითაც ამოწმებდნენ მათ. ჯიაოზის არ ჰქონდა დენომინაცია – გამომშვები და მიმღები თანხმდებოდნენ თანხაზე და ჯიაოზის შესაბამის ცარიელ ადგილას ჩაიწერებოდა მისი ღირებულება. ამასთან, ვაჭრებს არ ჰქონდათ შეზღუდვა ჯიაოზის გამოშვების ოდენობაზე და მიმოქცევაში არსებული „ფულის“ ოდენობა სეზონური იყო, უფრო მაღალი ბრინჯის მოსავლის აღებისას და უფრო დაბალი ზამთარში.

რაღაც დროის მანძილზე ქაღალდის ფულის კერძო ემისია კარგად მუშაობდა. ნდობა სავაჭრო ოჯახების მიმართ ნიშნავდა, რომ მომხმარებლებს არ სჭირდებოდა თავისი ჯიაოზის განაღდება და შესაბამისი უზრუნველყოფა ოჯახების სათავსოებში ინახებოდა. მაგრამ, ნდობას გამართლება სჭირდება – ზოგმა ვაჭარმა დეპოზიტები, რომლითაც ჯიაოზი იყო უზრუნველყოფილი, დააბანდა უძრავ ქონებაში, მიწაში ან ფუფუნების საგნებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჯიაოზის განაღდება მათთვის შეუძლებელი იყო. არავინ იცის, კონკრეტულად რამ გამოიწვია კრიზისი, მაგრამ 1016 წელს ეს კერძო საბანკო სისტემა ჩამოიქცა და სახელმწიფომ მისი ნაციონალიზაცია, შემდგომში კი ქაღალდის ფულის მონოპოლიზაცია მოახდინა.

ჯიაოზი ქაღალდის ჩინური ფულის მხოლოდ ერთი მაგალითია. სიჩუანის ექსპერიმენტის მერე ჩინელი ხელისუფლები აქტიურად იყენებდნენ ქაღალდის ფულს მონეტარული სისტემის საფუძვლად. ასე, მაგალითად, მარკო პოლოს მიერ აღწერილ ფულს ჟონგტონ ჩაო ერქვა. ყველა შემთხვევაში იმპერატორები და ყაენები ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდნენ – ქაღალდის არაუზრუნველყოფილი ფულის დიდი ოდენობით ბეჭდვა მაცდურია. საბოლოო წერტილი ქაღალდის ფულს შუასაუკუნეების ჩინეთში დაუსვა იმპერატორმა იუნლემ. მისი მმართველობის შემდეგ, რომელიც ქაღალდის ფულის უპრეცედენტო ოდენობით ბეჭდვით იყო გამორჩეული, მინის დინასტიამ საბოლოოდ აკრძალა ქაღალდის ფული, რომელიც ჩინეთში ისევ მხოლოდ 500 წლის შემდეგ დაბრუნდება.

ჩინეთში ქაღალდის ფულის ისტორია გაცილებით უფრო ვრცელი და საინტერესოა, ვიდრე ერთ პოსტში შეიძლება ჩატიოს ადამიანმა. თუმცა, ის ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის – ქაღალდის ფულის სიცოცხლისუნარიანობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო და მისი ფისკალური სიჯანსაღე. იუნლეს ფისკალურად წარუმატებელი მმართველობიდან დაახლოებით 300 წლის მერე, ეს გაკვეთილი საკუთარ თავზე გამოსცადა საფრანგეთმა, სადაც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩავიდა ჯონ ლო, ზოგისთვის – თაღლითი და შარლატანი და ზოგისთვის კი – ადამიანი, რომლის იდეებმა დროს გაასწრო. შემდეგი პოსტი სწორედ ჯონ ლოსა და მის უტოპიურ იდეებს მიეძღვნება.


[1]ჩინეთის მონღოლ მმართველ ყუბილაის

[2] ევროპისგან განსხვავებით, ჩინეთში ყოველთვის იყო ოქროსა და ვერცხლის უკმარისობა

[3] სრული დამთხვევა, რა თქმა უნდა

This entry was posted in ეკონომიკა and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a comment