ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

  1. ფრიდმანი პრაქტიკაში

ფელიქს მარტინი, წიგნში „ფული: უნებართვო ბიოგრაფია“, ჯონ ლოზე საუბრისას იხსენებს მალვოლიოს ფრაზას შექსპირის მეთორმეტე ღამიდან – „ერთნი იბადებიან დიდებულნი, მეორენი – მას მოიპოვებენ, ხოლო ზოგიერთს თავს ახვევენ ამ დიდებასა“[1] – და ასკვნის, რომ ლო სწორედ მესამე კატეგორიაში გადის. მართლაც, მისი სიცოცხლის პირველი ნახევრის პერიპეტიებიდან გამომდინარე, ვერავინ იფიქრებდა, რომ დუელიანტი, დენდი, მკვლელი და მოთამაშე, პრაქტიკულად ძებნილი და ლტოლვილი, გახდებოდა საფრანგეთის მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურა და სრულად ჩაიგდებდა ხელში ევროპის უმდიდრესი ქვეყნის ფინანსებს.

ლოსთვის დიდების თავს მოხვევას ბევრი ისტორიული და ეკონომიკური წინაპირობა ჰქონდა. 1714 წელს დასრულდა დამქანცველი და ეკონომიკურად დამღუპველი ომი ესპანური მემკვიდრეობისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ფინანსებს. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი არც 1701 წლამდე (როდესაც ეს ომი დაიწყო) გამოირჩეოდა განსაკუთრებული პაციფიზმით, არაა გასაკვირი, რომ ჯონ ლოს პარიზში ჩასვლისთვის საფრანგეთის საჯარო ფინანსები სავალალო დღეში იყო. მეფის დომენის – უშუალოდ საფრანგეთის მეფის მფლობელობაში არსებული მიწები – მთლიანად დაგირავებული იყო; გადასახადები – კერძო შემგროვებლების ხელში; სახელმწიფო ვალი კი იმხელა, რომ ასეთი ვალი დღეს რომ ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც გაეკარებოდა. საფრანგეთის ფისკალური პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ სიტუაციით, რა თქმა უნდა, ხეირობდნენ მდიდარი ფინანსისტები, როგორებიც იყვნენ სამუელ ბერნარი (ესპანური მემკვიდრეობის ომის ძირითადი დამფინანსებელი), ძმები ბანკირები ანტუან და კლოდ პაღიები,[2] და ანტუან კროზა, რომელიც პირადად ფლობდა კონცესიას საფრანგეთის ჩრდილოამერიკულ კოლონიებზე. მათ და მათ კოლეგებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეყიდათ პოსტები საჯარო სამსახურში[3] და გაეკონტროლებინათ გადასახადების შეგროვება.

თავად გადასახადების ოდენობა და განაკვეთები ლამის ყოველ წელს იზრდებოდა – იბეგრებოდა შემოსავალი, ქონება, სასმელები, წისქვილების, ღუმელების და ღვინის პრესების გამოყენების უფლება, ნათლობები, ქორწინებები და გასვენებები (ეკლესიის მიერ), მარილის მოხმარება (ე.წ. gabelle), მარცვლეულის გაყიდვა ბაზრობებზე და ა.შ. ამ გადასახედების უმეტესობა (გარდა ეკლესიის კუთვნილი გადასახადებისა), საბოლოო ჯამში მოხვდა კერძო შემგროვებლების ხელში, რომლებიც ერთჯერად მსხვილ თანხას უხდიდნენ მეფეს და შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე იყვნენ საგადასახადო შემოსავლის ბატონ-პატრონები. რბილად რომ ვთქვათ, ეს მაგნატები არ იყვნენ მაინცდამაინც პოპულარული ფრანგებში, რომლებიც მათ სისხლისმსმელებს ეძახდნენ და თვლიდნენ, რომ დროდადრო მათთვის სისხლის გამოშვება არ იქნებოდა ცუდი იდეა. გარკვეული პერიოდულობით, როდესაც ფინანსისტები ძალიან გავიდოდნენ თავს, მეფე გამოაცხადებდა სპეციალური სასამართლოს – ე.წ. იუსტიციის პალატის შექმნას, რომელიც დასჯიდა და დააჯარიმებდა იმ ფინანსისტებს, რომლებმაც ჭარბი მოგება მიიღეს არსებული სისტემის ექსპლუატაციით. თუმცა, ეს ყოველთვის მხოლოდ დროებითი ზომა იყო – რამდენიმე თვის, მაქსიმუმ ერთი წლის მერე მექანიზმი კვლავ ამუშავდებოდა და სისხლისმსმელები, გარდა ზვარაკად შეწირული რამდენიმე უმნიშვნელო მოთამაშისა, კვლავ ბრუნდებოდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, 1715 წლისთვის საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ლივრი[4] იყო (სხვადასხვა გათვლებით, იმდროინდელი მშპ-ის 200%-მდე) და ეს ვალი, ძირითადად, ორმოც კერძო ფინანსისტს ეკუთვნოდა, რომლებიც სხვა ყველაფერთან ერთად გადასახადების ზემოხსენებულ შეგროვებასაც აკონტროლებდნენ. ომის დასრულების მერეც კი, ბიუჯეტის დეფიციტი აღემატებოდა წმინდა საგადასახადო შემოსავლებს[5]. თანაც, გადასახადების შეგროვების სისტემიდან გამომდინარე (რომელზეც აღარ შევჩერდები, თუმცა, არაა გამორიცხული, მომავალში ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ პერიოდის საფრანგეთის ფისკალურ პოლიტიკას), აღნიშნული ფინანსისტები პრაქტიკულად ფლობდნენ საფრანგეთის მთლიან საგადასახადო სისტემას მომავალი 3-4 წლის მანძილზე.

1715 წლის 1 სექტემბერს მეფე მზე გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ხუთი წლის შვილთაშვილი, ლუი XV. ასაკის გამო, მის რეგენტად საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა ლუი XIV-ის ძმის შვილი, ფილიპე მეორე, ორლეანის ჰერცოგი. როდესაც (საკმაოდ მალე) რეგენტი მიადგა ფისკალურ პრობლემებს, აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის სამი გზა არსებობს: სამეფო კარის ბანკროტად გამოცხადება და ყველა ვალზე უარის თქმა; ვალების რესტრუქტურიზაცია, ე.წ. ვიზა[6]; ან ზემოხსენებული იუსტიციის პალატის ჩამოყალიბება. აქედან პირველი ახალგამოჩეკილი რეგენტისთვის ნამეტანი სარისკო იქნებოდა, ხოლო მეორე და მესამე (რომლებსაც მიმართა კიდეც რეგენტმა) ადრეც იქნა გამოყენებული და პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ ან დროებით გადაჭრას წარმოადგენდა. ამდენად, რეგენტის პირველი ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მოგვარებაში კარგ საფუძველს წარმოადგენდა ლოს სისტემისთვის იმით, რომ 1) სახელმწიფოს ფინანსური პრობლემები არსად წასულა, 2) იუსტიციის პალატით შეშინებული ფინანსისტები ცდილობდნენ დიდად არ გამოეჩინათ თავი და ამდენად ლოს წინააღმდეგ წარმატებულ კამპანიას ვერ ააგორებდნენ და 3) ვიზას სისტემის ფარგლებში შექმნილი სახელმწიფოს ახალი სავალო ინსტრუმენტი (ე.წ. les billets d’etat)[7], როგორც ვნახავთ, ლოსთვის კარგი პილოტური ვერსია აღმოჩნდა.

საფრანგეთი ლოსთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მისი აზრით, შოტლანდიის მსგავსად, მისი ძირითადი პრობლემა ფულის მუდმივი დეფიციტი იყო, რომელსაც თან დაერთო სახელმწიფო ვალის სერიოზული ტვირთი. 1694 წელს ინგლისმა მსგავსი პრობლემები ინგლისის ბანკის ჩამოყალიბებით დაძლია, თუმცა, ლოს აზრით, ეს წამალი საფრანგეთისთვის დაგვიანებული იყო და ქვეყანას მხოლოდ რადიკალური ზომები გადაარჩენდა. ლოს ჰქონდა გეგმა, რომელიც როგორც მონეტარული სისტემის რეორგანიზებას უზრუნველჰყოფდა, ისე სახელმწიფო ვალის პრობლემასაც მოაგვარებდა. და ამ გეგმის შესრულებაში მას დაეხმარებოდა რეგენტი, რომელიც ლომ ჯერ კიდევ 1706-07 წლებში, პარიზში პირველი სტუმრობისას გაიცნო[8]. თავად ფილიპიც არ იყო თაღლითის მიერ მოტყუებული შტერი, როგორც ზოგჯერ ხატავენ ხოლმე – პირიქით, ის იყო ყოველმხრივ განვითარებული ინტელექტუალი, რომლიც ხატავდა, წერდა ოპერებს და საათებს ატარებდა ქიმიურ ლაბორატორიაში ექსპერიმენტირებისას. როგორც ჯენეთ გლისონი ამბობს, ორლეანის ჰერცოგი იყო იდეალისტი, რომელიც ოცნებობდა ცვლილებებზე.

სწორედ ამ ცვლილებების შესახებ საათობით ესაუბრა მას ლო, როდესაც, 1707 წლის დასაწყისში, წარუდგინა თავდაპირველი გეგმა. და ამ გეგმის გაუმჯობესებული და უფრო დახვეწილი ვარიანტით დაუბრუნდა, როდესაც ორლეანის ჰერცოგი გახდა საფრანგეთის რეგენტი. გეგმა მდგომარეობდა კერძო ბანკის შექმნაში, რომელიც დაფინანსებული იქნებოდა თავად ლოს და სხვა კერძო ინვესტორების მიერ (ასეთების მოძიების შემთხვევაში). ბანკი გამოუშვებდა ბანკნოტებს, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ოქროსა და ვერცხლის დეპოზიტებით და (ეს მნიშვნელოვანია!) ამ ბანკნოტების გამოსყიდვა იყო შესაძლებელი მონეტებით ისე, რომ მონეტების ღირებულება ბანკნოტის გამოშვების დროს და გამოსყიდვის დროს ერთი და იგივე იქნებოდა. ამით შემცირდებოდა ვალუტის მერყეობა, გაიზრდებოდა ფულის მასა მიმოქცევაში და ვაჭრობასაც მნიშვნელოვანი სტიმული ექნებოდა. რეგენტს არ გაჭირვებია ამ წინადადების დამტკიცების უზრუნველყოფა საბჭოს მიერ და 1716 წლის მაისში, უკვე საფრანგეთის მოქალაქე ჯონ ლომ მიიღო უფლება გაეხსნა გენერალური ბანკი 20 წლის ვადით. მისი განცხადებული კაპიტალი შედგებოდა 1,200 აქციისგან, რომელთაგან თითოეულის ღირებულება იყო 5,000 ლივრი. ინვესტორებს, ასევე, შეეძლოთ აქციების ღირებულები ¾ გადაეხადათ billets d’etat-ებში, რომლებიც იმ დროისთვის თავის ნომინალურ ღირებულებაზე 60 პროცენტზე ნაკლებად ფასობდნენ. იმის გათვალსწინებით, რომ აქციების მხოლოდ ერთი მეოთხედი გაიყიდა, ბანკის ფაქტობრივი სამუშაო კაპიტალი 6 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 800 ათას ლივრს წარმოადგენდა. ლომ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ბანკის პოპულარობა გაეზარდა – ის სთავაზობდა კლიენტებს უფასო ან იაფ სერვისებს, როგორიც იყო, მაგალითად, ფულის ტრანსფერი პარიზიდან რეგიონებში. ამას დაეხმარა რეგენტიც, რომელმაც თავისი ფულიც ჩადო ბანკში და ყველანაირ რეკლამასაც უწევდა ბანკს და მის მომსახურებას, მათ შორის უცხოელი კლიენტების მოსაზიდად. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანი იყო მონეტების დეფიციტის აღმოფხვრაში და ქაღალდის ფულის მიწოდების ზრდაში, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა მოსახლეობაში. დიდი როლი ამაში ითამაშა რეგენტის გადაწყვეტილებამ, დაევალებინა გადასახადების შემგროვებლებისთვის ხაზინის კუთვნილი მოსაკრებლები ლოს ბანკნოტებში ჩაებარებინათ. მალე, იგივე უფლება მიეცა ჩვეულებრივ მოსახლეობასაც – ლოს ბანკნოტები გახდა გადასახადის გადახდის საშუალება, რაც ფულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს.

ბანკის პოპულარობამ უზრუნველყო ის, რომ გახსნიდან 18 თვის მერე აქციონერებმა მიიღეს ნახევარწლიანი დივიდენდები 7 პროცენტის ოდენობით. ბანკის წარმატება ცხადი გახდა. მონეტარული პრობლემების მოგვარების პარალელურად ლო მზად იყო შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად – დადგა დრო დაელაგებინა საჯარო ფინანსები და მოევლო სახელმწიფო ვალისთვის. ამისთვის ლომ გადაწყვიტა გაემეორებინა ესპანეთის, პორტუგალიისა და ინგლისის მიღწევები და 1717 წლის აგვისტოში მან დააფუძნა „დასავლეთის კომპანია“ (Compagnie d’Occident), რომელიც დღესაც ცნობილია „მისისიპის კომპანიის“ სახელით.


[1] Some are born great, some achieve greatness, and some have greatness thrust upon ’em (თარგმანი სიკო ფაშალიშვილისა). მთლად ფორმალურები თუ ვიქნებით, ციტატა უფრო მარიას ეკუთვნის, რომლის წერილსაც მალვოლიო კითხულობს და ჰგონია, რომ ოლივიამ მისწერა.

[2] მათი გვარი და საფრანგეთის დედაქალაქის სახელი ომოფონები და ომოგრაფებია, მაგრამ, თუკი პარიზი ქართულში დამკვიდრებულ ტრანსკრიფციას წარმოადგენს, არ მგონია იგივე ითქვას ბანკირების გვარზე.

[3] ფაქტობრივად, საჯარო მომსახურების პრივატიზაცია – ლიბერტარიანული სამოთხე

[4] ლივრი, იგივე გირვანქა, ფულის მეტად უცნაური ერთეულია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიქმნა, როგორც ღირებულების საზომი კარლოს დიდის მიერ, ის თითქმის არასდროს არსებობდა ფიზიკური ფორმით. ლივრზე, როგორც ფულის წარმოსახვით ერთეულზე აუცილებლად დავწერ მომავალში.

[5] შემსოავლები – 69 მილიონი ლივრი; ხარჯები – 146 მილიონი ლივრი.

[6] რომელიც გულისხმობდა ყველა ფასიანი ქაღალდის ვიზუალურ შემოწმებას და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას.

[7] გრძელვადიანი ვალი გარდაიქმნა ანუიტეტებად, რომელსაც პარიზის ქალაქის მთავრობა (Hôtel de Ville) ყიდდა ფინანსისტებსა და სხვა კერძო ინვესტორებზე. ამ ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი იყო 4%. მოკლევადიანი ვალი გარდაიქმნა ზემოხსენებულ billets d’etat-ად, რომლებიც საწყისი ღირებულების მხოლოდ 2/3-ად შეფასდა.

[8] ეს სტუმრობა მხოლოდ გართობისთვის როდი იყო, ლო უკვე მაშინ თვლიდა, რომ შეეძლო საფრაგნეთის ფინანსების გადარჩენა და შესაბამისი მემორანდუმიც მიაწოდა მიშელ შამიიარს, ლუი მეთოთხმეტის ფინანსების გენერალურ კონტროლიორს (Contrôleur général des finances). ამ უკანასკნელმა ვერაფერი გაიგო და მემორანდუმს მეფისთვის არც მიუღწევია.

This entry was posted in ეკონომიკა and tagged , . Bookmark the permalink.

1 Response to ჯონ ლო – მავროდი თუ ფრიდმანი (გაგრძელება)

  1. Pingback: რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი (გაგრძელება) | bachetc

Leave a comment