ჯონ ლო – მავროდი, თუ ფრიდმანი?

  1. ფრიდმანი

სტივენ ჯონსონი, მეცნიერების ამერიკელი პოპულარიზატორი, წიგნში „საიდან მოგვდის კარგი იდეები“ წერს, რომ, უმეტესწილად, ახალი ტექნოლოგიური და მეცნიერული იდეები მხოლოდ იმ მომენტში არსებული იდეების გაგრძელებას წარმოადგენს – დაახლოებით, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში კარის გაღებით გადავდივართ და არა ტელეპორტაციით, რამდენიმე ოთახის გამოტოვებით. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის, ფიზიკის კანონებით შეუზღუდავი, გონება ახერხებს „გადახტომას“ რამდენიმე ოთახით წინ, ეს, როგორც წესი, წარუმატებლობით მთავრდება და ჩვენ ვამბობთ – „მან საკუთარ დროს გაუსწრო“. ამ „ტელეპორტაციის“ მაგალითად ჯონსონს მოჰყავს ჩარლზ ბებიჯი, დღევანდელი კომპიუტერული მეცნიერების დიდი ბაბუა, რომელმაც, თუნდაც მხოლოდ თეორიულად, შექმნა მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი – ე.წ. ანალიტიკური მანქანა. ეს კომპიუტერი იმავე პრინციპებს ეყრდნობოდა, რაც დღევანდელები: მას ჰქონდა ოპერაციული მახსოვრობა და პროცესორი და ის ასრულებდა გარედან მიწოდებულ ინსტრუქციებს – პროგრამებს (რომლებიც წინასწარ დაწერა მისმა მეგობარმა, ადა ლავლეისმა – მსოფლიოს პირველმა პროგრამისტმა). მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ჩვეულებრივი თანამედროვე კომპიუტერი, რომელსაც მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა – ის არ არსებობდა და, იმდროინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ვერც იარსებებდა. შესაბამისად, ყველას დაავიწყდა ბებიჯის ანალიტიკური მანქანა და დღევანდელი კომპიუტერული მეცნიერება ისევ ნულიდან შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ბებიჯის მსგავსად, დღევანდელი (და შემდეგი) პოსტის გმირმაც, შოტლანდიელმა ჯონ ლომ, გაუსწრო საკუთარ ეპოქას. ბებიჯის მსგავსად, მისი იდეები, რომლებიც დღეს დომინირებს, მის ეპოქაში ვერ იმუშავებდა. ბებიჯისგან განსხვავებით, ლოს მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა ეს იდეები და, ისევ და ისევ ბებიჯისგან განსხვავებით, მისი წარუმატებლობა გაცილებით მასშტაბური იყო. იმდენად, რომ ამ იდეებს ეკონომისტები საუკუნეების მანძილზე არ დაბრუნებიან, ხოლო თავად ლო დღესაც ბევრისთვის შარლატანი და თაღლითია.

ედინბურგის მკვიდრის ჯონ ლოს ისტორია იწყება 1694 წლის იმ საბედისწერო დღეს, როდესაც მან შუა ლონდონში, ბლუმსბერი-სქვერზე, დუელში მოკლა განთქმული დენდი ედუარდ უილსონი. სიკვდილმისჯილმა ლომ, თავისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით გაქცევა მოახერხა და ამსტერდამს შეაფარა თავი. ეს ბედნიერი დამთხვევა აღმოჩნდა მისი შემდგომი კარიერისთვის – იმ პერიოდში ამსტერდამი ფინანსური ინოვაციების მსოფლიო ცენტრი იყო. ნიდერლანდების ფინანსური განვითარება ცალკე პოსტს იმსახურებს, ახლა კი უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ ცნობილი მოთამაშისთვის, როგორიც ლო იყო, ამსტერდამის ბირჟა ნებისმიერ კაზინოზე საინტერესო აღმოჩნდა[1]. განსაკუთრებით კი ამსტერდამის გაცვლითი ბანკის საქმიანობამ მოხიბლა – ბანკის, რომლის „საბანკო ფული“ ძირითადად ბანკის ანგარიშებში ჩაწერილ დებეტსა და კრედიტს წარმოადგენდა.

ამსტერდამიდან წამოსვლის მერე ლომ ბევრი იმოგზაურა კონტინენტზე, სადაც თამაშითა და სხვადასხვა ფინანსური სქემებით საკმაო სიმდიდრეც დააგროვა. მოგზაურობისას, განსაკუთრებით ნიდერლანდებსა და იტალიაში, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყნების საბანკო სისტემების გამართულობამ, რამაც განაპირობა მისი გარდაქმნა მოთამაშისა და ბუკმეკერისგან ფინანსისტსა და ეკონომისტში. 1704 წელს მან დაწერა, თუმცა არ გამოუქვეყნებია „ესეი მიწის ბანკის შესახებ“, ხოლო, მას შემდეგ, რაც ეს წინადადება ინგლისში მიწის ბანკის შექმნის შესახებ ხაზინის პირველმა ლორდმა უარყო, მან შექმნა თავისი მთავარი ნაშრომი – „ფული და ვაჭრობა: ერისთვის ფულის მიწოდების წინადადება“, რომელიც 1705 წელს გაუგზავნა შოტლანდიის პარლამენტს. ინგლისის მსგავსად, არც შოტლანდიელმა ხელისუფლებმა მოიწონეს მიწის ბანკის იდეა და ორ წელიწადში, ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაერთიანების აქტის ხელმოწერის შემდეგ, ჯონ ლო კვლავ ლტოლვილი გახდა.

ადამიანის სიკვდილისშემდგომი რეპუტაცია განპირობებულია სიცოცხლეში მისი წარმატებით ან წარუმატებლობით. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ მისი , რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებელი საბანკო კარიერის კვალდაკვალ, ეკონომისტები და ისტორიკოსები, ადამ სმითიდან მოყოლებული, თაობების მანძილზე აძაგებდნენ და თათხავდნენ ლოს, როგორც თაღლითს და შარლატანს. ეს უდიდესი უსამართლობაა: როგორც „ესეი“, ისე „ფული და ვაჭრობა“ ეკონომიკის ისტორიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაშრომებია. სულ რომ არაფერი, ლო პირველია, ვინც იყენებს ტერმინებს “მოთხოვნა“ და „ფულის მოთხოვნა“; „მიწოდების“ ნაცვლად ის იყენებს „რაოდენობას“, თუმცა ფასების ქცევას ზუსტად აღწერს „მოთხოვნისა“ და „რაოდენობის“ გამოყენებით; ლო პირველია, ვინც ჩამოაყალიბა ფულის სამი ძირითადი ფუნქცია (ღირებულების საზომი, გაცვლის საშუალება და გადავადებული გადახდის საშუალება). პირველია, ვინც ჩამოაყალიბა ე.წ. ერთი ფასის კანონი.[2]  პირველია, რომელმაც ახსნა წყლისა და ბრილიანტების ღირებულების შესახებ ცნობილი პარადოქსი[3] (ეს ახსნა შემდგომში ადამ სმიტმა გამოიყენა ისე, რომ ლოს გვარი არც უხსენებია); რაც მთავარია, ჯონ ლო პირველია, ვინც ფულის მოთხოვნას უკავშირებს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ოდენობას. მეტიც, ლო აღწერს, თუ როგორ იცვლება ფასების დონე, თუ ფულის მიწოდება აღემატება, ან, პირიქით, ჩამორჩება ფულის მოთხოვნას და მაგალითისთვის აღწერს, თუ როგორ იზრდებოდა და იზრდება ფასები ევროპაში, როდესაც ესპანელებს ახალი სამყაროდან დიდძალი ოქრო და ვერცხლი მოაქვთ.

მეორე მხრივ, ინფლაციაზე მეტად, მისთვის მნიშვნელოვანია კავშირი ფულსა და ვაჭრობას (რომელიც მისთვის იმავე შინაარსის მატარებელია, რაც ჩვენთვის მთლიანი შიდა პროდუქტი) შორის. ის ამბობს, რომ სწორედ ფულის ქრონიკული უკმარისობა შოტლანდიასა (და, მოგვიანებით, საფრანგეთში) იწვევს მნიშვნელოვან უმუშევრობასა და სიღარიბეს[4]. იმის დასადასტურებლად, რომ ფულის მიწოდების ზრდა გადაწყვეტს ამ პრობლემას, ის ქმნის შემოსავლის წრებრუნვის მოდელს[5] (რომლის შექმნაც, მსგავსად წინა მისი გამოგონებებისა, მიაწერეს სხვა ეკონომისტს, ირლანდიელ ფრანგ რიჩარდ (რიშარ) კანტილიონს). და პრობლემის გადაწყვეტად მას ქაღალდის ფული მიაჩნდა.

დღევანდელი ქაღალდის ფულისგან განსხვავებით, რომელიც, მოგეხსენებათ, არაფრითაა უზრუნველყოფილი, ლოს თავდაპირველი იდეის მიხედვით, ქაღალდის ფული უნდა უზრუნველყოფილიყო ყველაზე ფიქსირებული ოდენობის მქონე აქტივით – მიწით. წინადადება, რომელიც ინგლისის მთავრობამ უარყო, მოიცავდა ე.წ. მიწის ბანკის შექმნას. ბანკის კაპიტალი შეიქმნებოდა ხელმომწერთა მიერ ჩადებული მიწით და ამ მიწის უზრუნველყოფით ბანკი გამოუშვებდა ბანკნოტებს. ლოს აზრით, მიწის ღირებულება გაცილებით უფრო სტაბილური იყო, ვიდრე ვერცხლისა და ამდენად მიწით უზრუნველყოფილი ბანკნოტები ინგლისის ბანკის ან ოქრომჭედლების მიერ გამოშვებულ ფულზე უფრო სანდო იქნებოდა. სანდოობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონცეფცია გახლდათ  – მხოლოდ ნდობა იყო ფულის საფუძველი და სანდო ბანკნოტებს ისეთივე ღირებულება ჰქონდათ, რაც ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ მონეტებს. ნდობის საფუძველი კი მიწა იყო – გამჭვირვალე და ფიქსირებული ოდენობით არსებული აქტივი, რომელშიც ქაღალდის ფული თავისუფლად იქნებოდა კონვერტირებადი. მიწის ღირებულების ზრდასთან ერთად, მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების ღირებულებაც გაიზრდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ფაბის მფლობელი მიიღებს ჯონ ლოს მიწის ბანკის მიერ გამოშვებულ კუპიურებს, მისთვის ლუდის ფასი აღრიცხული იქნება ქონების სტანდარტიზებულ ერთეულებში, რაც აღმოფხვრის ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას ვერცხლზე. ეს კი, თავისთავად შეამცირებს დამოკიდებულებას ესპანეთზე, რომელიც აკონტროლებდა ვერცხლის მიწოდებას, თავისი სამხრეთამერიკული მაღაროების მეშვეობით.

შოტლანდიისთვის მომზადებული მისი სქემა გაცილებით უფრო კარგად შემუშავებული იყო. მასში ის ავითარებს იმ აზრს, რომ ვაჭრობა ეკონომიკაში დამოკიდებულია ფულის მიწოდებაზე, და აკავშირებს ფულის მიწოდებასა და საპროცენტო განაკვეთებს. ის ამბობს, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვანია სესხის ხელმისაწვდომობისთვის, არ უნდა იყოს დადგენილი კანონით, არამედ უნდა მომდინარეობდეს ფულის რაოდენობის ზრდიდან. მეტი ფული ბუნებრივად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს და გაზრდის ვაჭრობის (წარმოების) მოცულობას. ძირითად ინსტრუმენტად კი ლო მოიაზრებს საბანკო სისტემას, რომელსაც ექნება უფლება დეპოზიტების ნაწილი გასცეს სესხად და ამდენად, უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე, გაზრდის ქვეყნის მოგებას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ლოს მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკა პრაქტიკულად ერთი ერთში იმეორებს დღევანდელი ცენტრალური ბანკების მიდგომას: 1) ფულის ოპტიმალური რაოდენობა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს; 2) ფულის სიმწირე ზღუდავს ეკონომიკას, ხოლო ზედმეტად ჭარბი მიწოდება იწვევს ინფლაციას და /ან კრიზისს; 3) მართვადი მონეტარული ინსტრუმენტების (ბანკნოტების) გამოყენებით შესაძლებელია მივიყვანოთ ეკონომიკა ოპტიმალურ დონემდე უფრო მარტივად, ვიდრე, როდესაც დამოკიდებული ვართ ძვირფასი ლითონების არასტაბილურ მიწოდებაზე. სწორედ ეს მიგნება, ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ლომ მნიშვნელოვნად გაასწრო თავის დროს. შოტლანდიის მთავრობამ, ინგლისის მსგავსად, უარი უთხრა ლოს ამ სქემის განხორციელებაზე. და რომ არა ინგლისისა და შოტლანდიის გაერთიანება, ლო შეიძლება მხოლოდ თეორეტიკოსად შემორჩენილიყო ისტორიაში. მისი რეპუტაციისთვის ეს მხოლოდ კარგი იქნებოდა, მაგრამ 1715 წელს ლო ჩადის პარიზში და თავის სქემას აცნობს საფრანგეთის რეგენტს, ორლეანის ჰერცოგს.


[1] ლოს ბიოგრაფები იმასაც კი ფიქრობენ, რომ მისი მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი იყო არა იმდენად რისკის და ფულის მოგების სურვილის ამბავი, არამედ მისი მათემატიკური და ფინანსური ნიჭის გარკვეული „სუბლიმაცია“

[2] ვალუტის მიუხედავად, სავაჭრო საქონლის ფასი ერთი და იგივე უნდა იყოს მსოფლიო ბაზარზე.

[3] წყალი სასიცოცხლოდ ბრილიანტებზე გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრილიანტები გაცილებით ძვირია. სხვადასხვა ეკონომიკური სკოლები სხვადასხვანაირად ხსნიან ამ პარადოქსს, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ცალკე პოსტს იმსახურებს.

[4] „ზოგი მათგანი, ვინც ამჟამად არ მუშაობს, არა იმიტომ, რომ აკლიათ მუშაობის სურვილი ან დამსაქმებლები, არამედ იმიტომ, რომ მათთვის გადასახდელი ფული არ არის“

[5] ფული მოძრაობს ფერმერებს, მიწათმფლობელებსა და საქონლის მწარმოებლებს შორის; ფულის მასის ზრდა ზრდის ვაჭრობის მოცულობას მათ შორის.

This entry was posted in ეკონომიკა and tagged , . Bookmark the permalink.

2 Responses to ჯონ ლო – მავროდი, თუ ფრიდმანი?

  1. Pingback: რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი | bachetc

  2. Pingback: Alienus Ludens (ნაწილი მეექვსე) | bachetc

Leave a comment